მერცმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმებას მიაღწია

მერცმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმებას მიაღწია
გერმანული გამოცემა NTV წერს, რომ ფრიდრიხ მერცის პარტიამ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის თებერვლიდან მიმდინარეობდა.

თებერვალში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა კონსერვატორების ბლოკმა მიიღო, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) აერთიანებს. მეორე ადგილი დაიკავა და პარტიის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თითქმის გააორმაგა მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD). კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა. მაშინვე იყო მოლოდინი რომ ახალ სამთავრობო კოალიციას სწორედ სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები შექმნიდნენ.

ქრისტიან-დემოკრატებმა 630-ადგილიან ბუნდესტაგში 208 მანდატი მიიღეს. მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციაში შესვლა სჭირდებათ სხვა პარტიასთან იმისთვის, რომ 316 მანდატი ჰქონდეთ საკანონმდებლო ორგანოში. პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კანცლერობის კანდიდატია, პირობა დადო, რომ ახალი მთავრობის ფორმირება 21 აპრილისთვის დასრულდება. მერცმა არ დააკონკრეტა, რომელ ძალებთან შექმნის ახალ მთავრობას, თუმცა AFD-სთან თანამშრომლობა გამორიცხა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *