“მესტიის მსოფლიო ტურისტული რუკიდან გაქრობა მიზანმიმართულად მიმდინარეობს” – სასტუმრო “ფალიანი”
ფაქტია, მესტიის მსოფლიო ტურისტული რუკიდან გაქრობა მიზანმიმართულად მიმდინარეობს. ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმროს “ფალიანი” დამფუძნებელმა, ეკატერინე ფალიანმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
მისი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ მესტია არქიტექტურულად „დაბინძურდა“ და 8 სართულიანი სასტუმროებია განთავსებული, რომელიც მთავარ სანახაობას, კოშკებს ფარავს, სავარაუდოდ გენგეგმამ აქტუალობა დაკარგა.
„სხვას არაფერს ემსახურება ის ფაქტი, რომ მგონი 12 წელია მესტიის გენგეგმა თაროზეა შემოდებული. ალბათ, ამასობაში აქტუალობაც დაკარგა, რადგან იმდენად შეცვლილია მესტია, იმდენად არის დამახინჯებული. არქიტექტურული “დაბინძურება” ჰქვია ამას, როდესაც კოშკებს პრაქტიკულად 7-8-სართულიანი სასტუმროები ჩამოაფარეს, რომლის სანახავადაც ტურისტი ჩამოდის.
შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მოსწრებაზე არიან [მესტია] რაც შეიძლება მეტად დამახინჯდეს, რომ შემდეგ აზრი აღარ ჰქონდეს ამ გენგეგმის დამტკიცებას. სხვა ვერაფრით აიხსნება ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს გენგეგმა არ დამტკიცდა, რომელიც ტურისტული ლოკაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ეკატერინე გველესიანი.
ცნობისთვის, მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიაში პროცესები ამ დრომდე არ დასრულებულა.