ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევართა გუნდმა 12 LED ნათურის გასანათებლად საკმარისი ენერგია გამოიმუშავეს წვიმის მსგავსი წვეთების მილში გატარების გზით. კვლევის ეს მეთოდი დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის თანახმადაც, როდესაც ორი ნივთიერება ერთმანეთთან შედის კონტაქტში, მათ ზედაპირზე არსებული დამუხტული ნაწილაკები მცირე ბიძგს იძლევა, ისევე როგორც, მაგალითად რეზინის ბუშტის კანზე შეხება იწვევს სტატიკურ რეაქციას. ამის მსგავსად, ზოგიერთი ტიპის ზედაპირზე წყლის დინებას მისი დამუხტვა ან განმუხტვა შეუძლია.
ACS Central Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვერტიკალურ მილში გამდინარე წყალი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს წყლის დინების კონკრეტული კანონზომიერების დაცვის ხარჯზე: “საცობების დინების კანონზომიერება წვიმის ენერგიას საშუალებას მისცემს, სუფთა და განახლებადი ელექტროენერგია დააგენერიროს”.
გამდინარე წყალი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის უკვე გამოიყენება, თუმცა ამ პროცესში, როგორც წესი, ტურბინა გამოიყენება და წყლის დიდი რაოდენობაა საჭირო. სინგაპურის უნივერსიტეტის მკვლევრები კი ამტკიცებენ, რომ ახალი მეთოდისთვის წვიმის წყალიც საკმარისი იქნება. ახალი ფენომენი ელექტრონულ მუხტს წარმოქმნის, როდესაც წყალი ისეთი არხის გავლით მიედინება, რომლის შიგა ზედაპირიც ელექტროგამტარია.
“საცობების დინების” სისტემით, მილებში გამდინარე წყლის ენერგიის 10% ელექტრობად გარდაიქმნება. ვინაიდან ექსპერიმენტის ფარგლებში შესწავლილი წვიმის მსგავსი წვეთების სიჩქარე ნამდვილი წვიმის სიჩქარეზე ნაკლებია, კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ რეალურად უფრო მეტი ელექტროენერგიის გენერირებაა შესაძლებელი.