ევროპისგან განსხვავებით, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, აშშ ჯერჯერობით რუსეთზე ზეწოლის ამ მექანიზმს, რომელიც ევროკავშირში ყველაზე ეფექტიანად მიაჩნიათ, არ იყენებს. ამ ფონზე კრემლი უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს.
“პუტინი ვერ ხვდება, რომ მე რომ არ ვყოფილიყავი ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა რუსეთს. ვგულისხმობ ნამდვილად ცუდ რამეს. ცეცხლს ეთამაშება”, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში.
19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. 23 მაისს გავრცელდა „დიდი შვიდეულის“ [G7] განცხადება, სადაც წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთი თუ არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას სანქციებით ზეწოლას გააძლიერებენ.
როგორც Politico წერს, სენატში რესპუბლიკელების ლიდერობით უკვე მომზადებულია ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი, რომელიც ტრამპისგან მხოლოდ მწვანე შუქს ელოდება. საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედებას ითვალისწინებს: 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ რუსეთი მადლიერია პრეზიდენტის პირადი მცდელობით მედიაცია გასწიოს პროცესში.
“როგორც ამერიკას რუსეთსაც აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დგას და ისინი ასევე უმთავრესია ჩვენი პრეზიდენტისთვისაც”, – თქვა პესკოვმა.