მზიურში „თამაშობანას“ მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა – რას სთავაზობს ობიექტი სტუმრებს?
მზიურის პარკში „თამაშობანამ“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე გახსნა. კომპანია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან სამაგიდო თამაშების მწარმოებლად პოზიციონირებს, ბიზნესს ავითარებს და მომხმარებელს სამაგიდო თამაშების ნაირსახეობებთან ერთად, დღეიდან მზიურის პარკში 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებულ ახალ სივრცეში იწვევს.
პროექტის დეტალებზე BM.GE-სთან “თამაშობანას“ დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა ისაუბრა. მულტიფუნქციური ობიექტი დაბადების დღის ჩასატარებელ სივრცეს, სემინარებისა და სხვა აქტივობებისთვის ჩასატარებელ არეალებს და კაფეს აერთიანებს.
დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება საბანკო სესხით და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის თანადაფინანსების პროგრამით გახდა შესაძლებელი, თუმცა პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “თამაშობანას” სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც კომპანია საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, სივრცე 11:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო შაბათ-კვირას მისი სამუშაო საათები 12:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება განსაზღვრული.
“საწყის ეტაპზე, სატესტო რეჟიმში ვიმუშავებთ. ხოლო, ყველა მიმართულების ამუშავებას სავარაუდოდ მაისის ბოლოდან შევძლებთ. წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს. ინტერესი დიდია დაბადების დღეების ღონისძიებებზე, ამასთან მოთხოვნა იყო ტურზე “თამაშობანაში” და მომხმარებელს შესაბამისი სერვისიც შევთავაზეთ. ამასთან, სივრცეში უკვე რამდენიმე სკოლის “ვორქშოფი” არის ჩანიშნული. კონცეფციას რაც შეეხება, გარდა დაბადების დღეებისა და “სავორქშოფე” სივრცეებისა, გვაქვს თავისუფალი თამაშის ზონა, სადაც ერთჯერადი ბილეთით შეუძლია მომხმარებელს სამუშაო საათებში შემოვიდეს. ასევე, გვაქვს ჩვენი მაღაზია და კაფე უფროსებისთვის. გვყავს იტალიელი შეფი, რომელთან ერთადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მენიუს ტესტირებაზე ვმუშაობდით.
ასევე, ზაფხულიდან გვექნება ქალაქის ბანაკები. ბანაკი იქნება ამავე სივრცეში, რადგან ყველა ბავშვს არ აქვს სურვილი, რომ ქალაქგარეთ გავიდეს, ასევე მშობლებსაც ზაფხულში პრობლემები ექნებათ. ამიტომ, მათთვისაც მოსახერხებელია”, – ამბობს „თამაშობანას“ დამფუძნებელი და დასძენს, რომ გარდა აღნიშნული სერვისებისა, ზაფხულიდან, მათ საკუთრებაში არსებული ეზოს ათვისებაც იგეგმება, სადაც ფლორისტიკის სკოლა გაიხსნება.