დღეს, 28 აპრილს მთავარი არხის თანამშრომლებმა ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება. არხის გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან შეტყობინების მიღების შესახებ თანამშრომლები სოციალურ ქსელში წერენ.
არხის საბოლოოდ დახურვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნიკა გვარამია:
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი.
სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი.
მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს”.
ირაკლი ვაჩიბერიძე: “დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი TV ვერ იხსენება, მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა კი 1-ელი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა”.
თათია პაიჭაძე: “ჩემს ცხოვრებაში 6 წლის მანძილზე ყველაზე მთავარი დასრულდა. განცდა იმისა, რომ შორდები შენიანს ვერ გტოვებს მშვიდად. ბობოქარი რიტმი, რწმენა იმისა, რომ ვიღაცას ეხმარები სიმართლის დადგენაში, ვიღაცას უსამართლობასთან ბრძოლაში, ვიღაც არ დააჩაგვრინე, ვიღაცა გადაარჩინე ისე რომ ერთი წუთითაც არ გიფიქრია საკუთარ უსაფრთხოებაზე – ეს იყო მთავარი არხი. ოჯახი ტკბილი და ცოტა მწარე მოგონებებით. მეამაყება, რომ ვარ მთავარი არხი • Mtavari Arkhi არხელი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ, რომ ჩემს ხალხს და ქვეყანას ვემსახურე მართალი სიტყვით”.
ირაკლი ბახტაძე: “5 წელი ამ ფრონტზე ვიდექი — უამრავი ამბავი გავაშუქე, ყველაზე მძიმე შემთხვევებიდან დაწყებული, ყველაზე მტკივნეული დანაშაულებით დამთავრებული.
ყოველთვის მჯეროდა, რომ კრიტიკულ მედიას ხალხის ხმა უნდა ეთქვა მაგრამ..
სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა — გვეთქვა ის, რაზეც სხვები დუმდნენ”.
თათია წოწონავა: “ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის”.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხი” 2019 წლის სექტემბერში ნიკა გვარამიას ინიციატივით დაარსდა, ხოლო მოგვიანებით წილების ნაწილი ზაზა ოქუაშვილის კომპანიებზე გადავიდა. 2024 წლის თებერვლიდან მაუწყებლობა მხოლოდ სერიალებით განახლდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები კი შეჩერდა.
15 თებერვალს მთავარი არხის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი “მთავარ არხს აჩერებს”.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოსთხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.