მთავრობის მოხსენების თანახმად, უმაღლესში ჩარიცხვის ახალ სისტემაზე მუშაობა გრძელდება

მთავრობის მოხსენების თანახმად, უმაღლესში ჩარიცხვის ახალ სისტემაზე მუშაობა გრძელდება
„ოცნების“ მთავრობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი.

ამასთან, მოხსენების თანახმად, შემუშავებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.

კითხვაზე – ცნობილია თუ არა, როდიდან იგეგმება უმაღლესში ჩარიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა, Bm.ge-ის განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესში ჩარიცხვის სისტემის შესაძლო ცვლილების შესახებ საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. გასულ წელს, განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა 2027 წლის ზაფხულიდან იგეგმება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *