სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პარასკევს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. უცხოური მედიის ცნობით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებში დასახმარებლად უცხოური დახმარებაც ჩაერთო.
ბოლო ინფორმაციით, მიანმარში, რომელიც 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, 1002 ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევას მეზობელ ტაილანდში, 49-ს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის პროგნოზით, მიანმარში მსხვერპლმა შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს. ძლიერი მიწისძვრისა და განმეორებითი ბიძგების გამო სტიქიის ზონაში დაინგრა ხიდები და გზებიც.
ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს მიანმარში ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, მალაიზიისა და სინგაპურის მთავრობებმა. სამხრეთ კორეამ ამისთვის $2 მილიონი გამოყო. აშშ-მა კი ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მიანმარის დასახმარებლად ემზადება.