როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყანაში არ არსებობს ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფების ერთიანი განმარტება, საკანონმდებლო ჩარჩო და ერთიანი ბაზა, სადაც მოცემული იქნებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ დანერგილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების ერთიანი ჩამონათვალი ზოგადი აღწერითა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალით.
“მნიშვნელოვანია მომზადდეს ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც გამოავლენდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით – ციფრული სერვისების მიწოდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ვებმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, პრევენციულად შემუშავდეს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სხვა მაღალტექნოლოგიური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით”, – წერია ციფრული მმართველობის სტრატეგიაში.
ამასთან, “ოცნების” მთავრობის სტრატეგიის თანახმად, ციფრული მმართველობის პროცესში, გარდა ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიებისა, მნიშვნელოვანია იმ ახალი შესაძლებლობების გამოყენებაც, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები (მაგ.: ბლოქჩეინი, ხელოვნური ინტელექტი (AI), დიდი მონაცემები (Big Data), ნივთების ინტერნეტი (IoT) და სხვა) გვთავაზობს. “აუცილებელია აღნიშნული ტექნოლოგიების საჯარო სექტორში დანერგვის და გამოყენების პროცესში სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რათა შესაძლებლობებთან ერთად, გათვალისწინებული იყოს ის საფრთხეებიც, რომლებიც შესაძლოა თან სდევდეს აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას”, – წერია სტრატეგიაში.