“მიმდინარე თვეში სასტუმროს დატვირთულობა 64%-ია” – ახალგახსნილი ibis Tbilisi Airport

“მიმდინარე თვეში სასტუმროს დატვირთულობა 64%-ია” – ახალგახსნილი ibis Tbilisi Airport

საქართველოში პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო, ibis TBILISI AIRPORT-ი 16 მაისს ოფიციალურად გაიხსნა და დატვირთულობა უკვე აღწევს 64%-ს – ამის შესახებ BMG-სთან თბილისის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ინვესტორმა, ჯონ დოდელანდმა ისაუბრა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორს ჯონ დოდელანდს ეკუთვნის. ibis TBILISI AIRPORT-ის სასტუმრო მასშტაბური, 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანია, აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება.

პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი სტუმრის გამოცდილება, რაც უბრალოდ ღამის გათევას მნიშვნელოვნად აღემატება. გვაქვს 360°-იანი გამოცდილება სასტუმრო ოთახებით, რესტორნებით, მაღაზიებით, იოგას კლასებით, სპორტული დარბაზით, საპარკინგე ზონით და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მომხმარებელს ერთ ღამეზე მეტხანს მოუნდეს დარჩენა. უკვე ვხედავთ, რომ სტუმრები უფრო დიდხანს რჩებიან, აინტერესებთ.

სტარტი ძალიან წარმატებულია. ვფიქრობ, ამ თვეში დატვირთულობა 64%-ს აღწევს, რაც ძალიან კარგია, კრიზისის და სხვა ყველაფრის მიუხედავად, ვხედავ თუ რა ღირებულებას მატებს საქართველო აბრეშუმის გზის ქვეყნებს, ზუსტად ისევე, როგორც შვეიცარია – ევროპას. ამიტომ გულწრფელად მჯერა საქართველოსი, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში”, – განაცხადა დოდელანდმა.

ibis TBILISI AIRPORT-ის მულტიფუნქციური შენობის მშენებლობისთვის მიწა ინვესტორმა კომპანიამ აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან საინვესტიციო პირობებით შეისყიდა. როგორც ინვესტორმა BMG-სთან აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულება შესრულდა და დღეს უკვე დედაქალაქს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აქვს.

როგორც გესმით, ჩვენ მიწა შევისყიდეთ, სასტუმროს მშენებლობა ნულიდან დავიწყეთ და თავად ვმართავთ მას. შესაბამისად, მე და ჩემი გუნდი ამ პროექტში სრულად ვიყავით ჩართულები. თბილისის აეროპორტში ჩვენი მისია არ ყოფილა ტრადიციული, სატრანზიტო სასტუმრო გამოცდილების შეთავაზება, უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენი კონცეფცია და დიზაინი თანამედროვე ადამიანზე ყოფილიყო მორგებული, ამ სტუმრების მოლოდინი კი დღესდღეობით ძალიან მაღალია. ჩვენ მხოლოდ Accor-ის CEO-ს ხედვას მივყვებით. მოგეხსენებათ, Accor ფრანგული ბრენდია, რომელიც ბევრ სხვადასხვა ბრენდსა და სასტუმროს მართავს.

ყველა ვალდებულება შესრულებულია, რომელიც მთავრობის წინაშე ავიღეთ და ახლა უკვე მზად ვართ, რომ 38 000 მ2- მიწაზე შემდგომი ეტაპები განვახორციელოთ. დარწმუნებული ვარ უკვე იცით, რომ ADP პარიზის აეროპორტის გაფართოებისთვის 120 მილიონი ევროს ინვესტიციას გაიღებს. აეროპორტის განვითარებაში ჩვენ ჩვენს კონტრიბუციას შევიტანთ”, – ამბობს ჯონ დოდელანდი.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო. როგორც ინვესტორი აღნიშნავს, ეს გამორჩეული პარტნიორობაა, რადგან BOG-ი სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციას იშვიათად დებს.

“კომპანია ჩემია და საწყისი ინვესტიცია, რომელიც მიწის საყიდლად გავიღეთ, პირადად ჩემგან მოდიოდა. დღეს უკვე ვთანამშრომლობთ “საქართველოს ბანკთან”, რომელიც, მოგეხსენებათ, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ამასთან, “საქართველოს ბანკი” ბრიტანეთში დალისტულ 200 უმსხვილეს კომპანიას შორისაცაა. წარმატებით გავართვით თავი ამ პარტნიორობას, რაც ძალიან მეამაყება, რადგან “საქართველოს ბანკი” საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციას, ჩვეულებრივ, აღარ დებს. თუმცა ეს პროექტი სტუმარმასპინძლობაზე მეტია, ეს ასევე სტრატეგიული ნაბიჯია როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის, რადგან აეროპორტში ვართ მხოლოდ ჩვენ, ADP და მთავრობა”, – აღნიშნა დოდელანდმა.

ფრანგმა ინვესტორმა BMG-სთან საქართველოს საინვესტიციო კლიმატიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს.

“ვფიქრობ, საქართველოს საინვესტიციო გარემო ძალიან მიმზიდველია და ამჯერადაც, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოში მოსახლეობისა და ტურისტების შეფარდება მნიშვნელოვნად აღემატება საფრანგეთისას – ეს ქვეყნის პოტენციალს უსვამს ხაზს, როდესაც მსოფლიო თავდაყირა დგება, საქართველო კვლავ იზრდება, რაც შთამბეჭდავი სანახავია. ამიტომ მგონია, რომ საქართველო საუკეთესო ალტერნატივა და ყველაზე საინტერესო ქვეყანაა აბრეშუმის გზაზე”, – განაცხადა ჯონ დოდელანდმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *