მიხეილ სოცკი ჭიათურაში პროტესტის მონაწილე მაღაროელებს შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს?
ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი, დღეს ჭიათურაში საპროტესტო აქციების მონაწილე მაღაროელების ნაწილს შეხვდა. მხარეები BM.GE-სთან აცხადებენ, რომ შეხვედრა სპონტანური იყო.
შეხვედრისას Facebook-ის გვერდ „მაღაროელზე“ Live-ჩართვიდან ირკვევა, რომ მაღაროელებმა კომპანიის ხელმძღვანელს თავისი წუხილები გაუზიარეს და მიხაილ სოცკისგან პასუხი მოისმინეს.
„ჩვენთან ძალიან ბევრი ხელმძღვანელი მოსულა, თუმცა მშრომელები ყოველთვის მოტყუებულები დავრჩით. მინდა მომავალი ბევრად უკეთესი იყოს. გვაშფოთებს თქვენი განცხადებები რეორგანიზაციისა და 1500-მდე ადამიანის დათხოვნის შესახებ, მეორე არის 12-საათიანი გრაფიკის საკითხი, რაც 10 წელია ჭიათურაშია და დასაქმებულებს ამ გრაფიკზე აქვთ აწყობილი თავისი ცხოვრება, ამის შეცვლა მათთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ მიხაილ სოცკისთან შეხვედრისას.
ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელმა კომპანიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო.
„როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ რეორგანიზაცია და დათხოვნები იქნება, სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. საერთო ჯამში, ყველა კომპანია, რომელიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ შედიოდა 3 500 ადამიანს ასაქმებდა. აქ იყო რამდენიმე არაპროფილური კომპანია – დასუფთავების სამსახური, წყალმომარაგების და სამშენებლო კომპანია. სამშენებლო კომპანიის გარდა ყველა კომპანია მუნიციპალიტეტს გადაეცემა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გვინდა, ისე გადავიდეს ეს კომპანიები მუნიციპალიტეტზე, რომ დასაქმებულებმა ანაზღაურება არ დაკარგონ და სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. ვფიქრობ, 10-15 დღეში მუნიციპალიტეტთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ.
სამშენებლო კომპანია გადაეცემა ადგილობრივ ბიზნესმენს, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელს. მე მას სამშენებლო ბაზის იჯარით აღების კარგ პირობებს შევთავაზებ. მას საბაზრო ღირებულებით მივცემ ჭიათურაში არსებულ ყველა შეკვეთას. მე მჭირდება სამშენებლო კომპანია, მაგრამ ჩვენ არ ვართ მშენებლები და არ მინდა რომ ის კომპანიის ბალანსზე იყოს. ჩვენი პროფილი მოპოვებაა.
რაც შეეხება განთავისუფლებას, ყველა კომპანია, რომელიც CMC-ის მართვის ქვეშ რჩება, ახალი საშტატო განრიგით 2 600 სამუშაო ადგილს ქმნის. ის კამპანია, რაც ხელმოწერების შეგროვების მიმართულებით დავიწყეთ, რასაც თქვენ კრიტიკულად შეხვდით, სამუშაო ძალის მონიტორინგისთვის იყო მიმართული. გაფიცვის, პროტესტის და სხვა ტურბულენტური მოვლენების პროცესში ჭიათურამ ძალიან ბევრი სპეციალისტი დაკარგა, რადგან ისინი წავიდნენ ჭიათურიდან თბილისში, ამერიკაში და ევროპაში…. ამიტომ მგონია, რომ რიგი მიმართულებით გვექნება სამუშაო ძალის ნაკლებობა და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ხალხს ვათავისუფლებთ, კორექტული არ არის.
ზოგიერთ პოზიციაზე კადრების დეფიციტი, ზოგზე კი სიჭარბე გვექნება, ამიტომ გადავწყვიტე ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებთან გასაუბრების მოწყობა. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებ. პროფესიების მიხედვით ცოდნის დონის განსაზღვრა მინდა. თუ დაბალი დონე იქნება, გასაუბრების შემდეგ გაიხსენება გადამზადების კურსების, რომელიც სავალდებულო იქნება. არასწორია დასაქმებულთა გათავისუფლებაზე საუბარი“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ, რის საპასუხოდაც მაღაროელებმა ყველა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გარდამავალ კომპანიებში დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტია მოითხოვეს, რაზეც ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელმა უპასუხა: „ჩვენ წარსულში ვერ დავბრუნდებით და ყველა შემთხვევაში ცვლილებები იქნება. თუმცა ჩემი მიზანია პოზიტიური ცვლილებები იყოს. მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და სახელფასო ანაზღაურება იყოს გამჭვირვალე და დავასრულოთ ეს პროცესი. თუ ამ პროცესში დარჩებიან ადამიანები, ვინც დაუსაქმებელი დარჩება, ჩვენ მათთან კიდევ გავისაუბრებთ.
თქვენთან – ჭიათურელებთან ერთად ვგეგმავ განვითარების გეგმის შემუშავებას. ცალსახად ვიცი, რომ ამ მხრივ მოპოვებითი კერები გაიზრდება. დღეიდან საწარმო კადრების უკმარისობას განიცდის და ვისაც მუშაობა უნდა ის დაიწყებს მუშაობას“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ BM.GE მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, საუბრისას მხარეები არაფერზე შეთანხმებულან, ხუთშაბათს კი მაღაროელები იურისტებთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელსა და იურისტებს შეხვდებიან, რათა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები განიხილონ და კომპანიის მხრიდან შემხვედრი წინადადებები მოისმინონ.
„გვქონდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მაღაროზე სამუშაოების პროცესის დაწყება იგეგმებოდა და მუშები უნდა ასულიყვნენ, მივედით ადგილზე და როგორც აღმოჩნდა, მუშები იმ აზრზე არიან, რომ მუშაობას არ დაიწყებენ, სანამ დაკავებული მაღაროელები არ გათავისუფლდებიან. შემდეგ სოცკი გადაწყვიტა, რომ უნდა მოსულიყო და დაგვლაპარაკებოდა.
პირველი შეხვედრა უფრო გაცნობითი იყო. თავისი ხედვები გვითხრა, მაგრამ ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ასე მოსაუბრე ბევრი გვინახავს. შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს ჩვენს და მათ იურისტთან ერთად გავივლით იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს. ყველა საკითხს გავივლით. რამდენად შევძლებთ ამის ერთ დღეში დავფარავთ, ეს საკითხავია“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ და დასძენს, რომ საპროტესტო აქციები გრძელდება და მაღაროელების მოთხოვნები ძალაში მანამდე იქნება, სანამ საბოლოო შეთანხმება არ შედგება და ყოველივე დოკუმენტურად არ გაფორმდება.
„მოლაპარაკებების პროცესში, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. უფრო მეტი დეტალი ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება“, – განაცხადა მიქაცაძემ.
მოვლენების ქრონოლოგია:
- 2024 წლის ნოემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა;
- 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
- 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
- 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, გადაწყიტა მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების აღარ განეახლებინა. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“;
- 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება;
- პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
- 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად პროფკავშირებიც მონაწილეობდნენ.
- 25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
- 16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
- 22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია “საქნახშირის” გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
- 23 მარტს კი “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” რეორგანიზციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გამუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის კონკრეტრული გეგმების შესახებ. გაერთიანება კომპანიას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე მოქმედებისკენ მოუწოდებს.