“ჯეო-ნათსის” დირექტორის ჯენერ ბელქანიას თქმით, მთავარი მიზეზი თურქეთში არსებული კლიმატური პირობები გახდა, რის გამოც მოსავლის ნაწილი დაზიანდა.
მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში არსებული ზუსტი სურათის შესახებ ინფორმაცია 1-1,5-თვიან პერიოდში გახდება ცნობილი.
„ქართულ თხილზე ფასის ზრდა თურქეთში არსებულმა საგაზაფხულო ყინვებმა გამოიწვია, კვირტები გაიყინა და აქედან გამომდინარე პროგნოზია, რომ ბაზარზე 600 ათასი ტონა თურქული მოსავალი იქნება, რაც მათი პოტენციალის დაახლოებით, 60%-ია. დღეს უმაღლესი თხილი 8 ლარი და ზევით ღირს, საერთაშორისო ბაზარზე კი 10 დოლარს გადაცდა. გასული წლიდან დარჩენილი მარაგები მხოლოდ 10%-ია, ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს ევროპაში, ეს არის იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ჩეხეთი.
ვფიქრობ, ფასი 2014 წლის ფასს გაუტოლდება ან მიუახლოვდება, თუმცა რა იქნება ღირებულება ამას განსაზღვრავს ის თუ რამდენ მოსავალს მიიღებს, როგორც თურქეთი, ჩილე, იტალია, აზერბაიჯანი და საქართველო. ეს პროგნოზი როცა დაიდება (1-1,5 თვეში), შემდეგ ჩამოყალიბდება ფასი. ამ მხრივ ეს სექტორი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია.
ჩვენთანაც იყო ყინვა, თუმცა თურქეთთან შედარებით კარგ მოსავალს ველოდებით, არა რეკორდულს, თუმცა კარგს. მოვუწოდებ ფერმერებს, რომ ბაღს მოუარონ, წელს იქნება კარგი ფასი, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ კარგ თხილს ექნება ფასი და არა საშუალოს და ცუდს, ბაზარზე მოთხოვნა კარგ თხილზეა.
სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანია, ჩვენი მთავარი პრობლემაა ფაროსანა და ჰა-ზე მოსავლიანობის გაზრდა. ჩვენ დღეს საშუალოდ 600-800 კგ-ს ვიღებთ და პოტენციალია, რომ 3 ტონა მოვიდეს, აქედან გამომდინარე ჯერ შორს ვართ რეალურ ციფრთან, რომელიც უნდა მივიღოთ თხილის მწარმოებლებმა,“ – განაცხადა ბელქანიამ.