მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია “პალეკარტი”-ს თანადამფუძნებელი, აბო მენაბდე BM.GE-სთან ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით მოთხოვნა 3-ჯერ არის გაზრდილი. მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მატებაა ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
„დაინტერესება ძალიან გაზრდილია, შესაბამისად, გაზრდილია ჩვენი წარმადობაც. გარდა მზა კოლექციებისა, მნიშვნელოვანი მატებაა ინდივიდუალურ შეკვეთებზე. რაც შეეხება ფასებს, პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, რაც ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესებას უკავშირდება“, – აღნიშნა მენაბდემ.
მისი თქმით, კომპანია მიზნად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ისახავს, რისთვისაც საწარმოს სტანდარტიზაცია იგეგმება. კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ამ პროცესზე უკვე აქტიურად მუშაობენ, რისთვისაც არაერთ საერთაშორისო გამოცდილებას იზიარებენ.
„საქართველოში კოლექციებს არ ვაწარმოებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფაბრიკებთან და მწარმოებლებთან სწორად დავალაგოთ თანამშრომლობა. პირველ რიგში, ციფრულ გაყიდვებზე ვაკეთებთ აქცენტს. ახლახან ვებგვერდი განვაახლეთ და მალე ამოქმედდება. უკვე გვქონდა მოლაპარაკებები სხვადასხვა ბაზართან, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთანაც, თუმცა იმ დროისთვის საწარმო მზად არ იყო, მაგრამ მათთან კომუნიკაცია არ შეგვიწყვეტია“, – ამბობს მენაბდე.
კომპანია „პალიკარტეში“ ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ევროპისა და აზიის, მათ შორის სამხრეთ კორეის მიმართ.