ვის შეუძლია Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება
Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც დასრულებული აქვს საბაკალავრო საფეხური ან იმყოფება მეოთხე კურსზე და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს.
რა უნდა გაითვალისწინოთ აპლიკაციის შევსების პროცესში?
აპლიკაციის შევსების პროცესში აპლიკანტს მოეთხოვება, სრულყოფილი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, ისაუბროს აშშ-ში სწავლის მოტივაციის, დეტალური სასწავლო გეგმისა და მოლოდინების შესახებ. ამასთან, მთავარი კომპონენტი ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენებს აპლიკანტი აშშ-ში მიღებულ ცოდნას საქართველოში. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი კი რეკომენდაციებია – მნიშვნელოვანია, აპლიკანტმა სწორად შეარჩიოს რეკომენდატორი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სხვა, აპლიკანტისგან აკადემიური ნაშრომის ნიმუშის ინგლისურ ენაზე ატვირთვას ითვალისწინებს. ეს შეიძლება იყოს სადიპლომო ნაშრომი ან კონფერენციისთვის დაწერილი ნამუშევარი, რისი ატვირთვის მიზანიც აპლიკანტის აკადემიური წერის უნარების შეფასებაა. თუ ნაშრომი აპლიკანტს ქართულ ენაზე აქვს შესრულებული, მაშინ მან ინგლისურად თარგმნილი ნაშრომის რამდენიმე გვერდი უნდა ატვირთოს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უნივერსიტეტის შერჩევისას?
როგორც Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე აღნიშნავს, აპლიკანტებმა უნივერსიტეტები უნდა მოიძიონ იმ სფეროს მიხედვით, რომლის შესწავლაც სურს და უნდა დააკვირდნენ, ამ მიმართულებით რომელი უნივერსიტეტია ძლიერი. ასევე, მონაწილეებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი, რა არის იქ ისეთი სპეციფიკური, რაც მათ სამომავლოდ გამორჩეული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ.
აპლიკანტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
Fulbright-ის აპლიკაციის შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მართლწერასა და გრამატიკას უკავშირდება, ამიტომ პროგრამის კოორდინატორი აპლიკანტებს ურჩევს, საბუთების გაგზავნამდე ყველაფერი ყურადღებით გადაიკითხონ და დარწმუნდნენ, რომ არსად არის მცირე ხარვეზიც კი, რომლის გამოც შესაძლოა აპლიკაცია დაიწუნონ.
რა ხდება აპლიკაციის ეტაპის გადალახვის შემდეგ
აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ სტუდენტებს უტარდებათ გასაუბრება, რის შემდეგაც შერჩეულმა აპლიკანტებმა ოქტომბერში უნდა ჩააბარონ TOEFL-ის, GRE-ისა ან/და GMAT-ის გამოცდები.
- TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში;
- აპლიკანტებს, რომლებიც სამართლის მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, მათ მხოლოდ TOEFL-ის ჩაბარება მოუწევთ;
- აპლიკანტები, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, ისინი TOEFL-თან ერთად GMAT-აც აბარებენ;
- ყველა დანარჩენი აპლიკანტი კი TOEFL-სა და GRE-ს აბარებს.
Fulbright-ის პროგრამის კოორდინატორი გვირჩევს, რომ აღნიშნული ტესტებისთვის მომზადება აპლიკანტებმა მალე დაიწყონ. მისი თქმით, ტესტებში წინასწარ ვარჯიშია საჭირო, რათა გამოცდაზე მისულმა აპლიკანტმა უკვე იცოდეს, თუ რა დავალებების შესრულება მოეთხოვება, განსაკუთრებული ყურადღება კი მათემატიკურ ნაწილს უნდა მიაქციონ.
საქართველოს ბანკის და Fulbright-ის თანამშრომლობა
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამა 1946 წელს შეიქმნა. ის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე ისწავლონ.
ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად და მათთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. უკვე 11 წელია, პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საკუთარ სტიპენდიატებს ასახელებს და მათ 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.
2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციის შევსება საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალზე უკვე შესაძლებელია. Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს გაეცანით ვებგვერდზე.