ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი, კვლავ გამწვავდა. მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა TBC Capital-ი გამოყოფს გადაცემის ძირითად არხებს. ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მოწყვლად ტურიზმი იქნება.
“მოკლევადიან პერიოდში რისკების ზრდის მიმართ მოწყვლადი, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმია. 2024 წელს ისრაელზე საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჯამური შემოდინების 5%, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების 10% მოდიოდა. დღეის მდგომარეობით, ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის დახურული რჩება. ამავდროულად, მიუხედავად ოფიციალური შეზღუდვების არარსებობისა, კონფლიქტურ არეალთან სიახლოვის გამო მოსალოდნელია ფრენების შემცირება რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად საუდის არაბეთიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლებში მზარდი წილით ხასიათდება. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელიდან ტურისტული ხარჯების კლებას თან ახლდა ისრაელიდან არარეზიდენტების სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რაც მიგრაციის გარკვეულ პოზიტიურ ეფექტთან იყო დაკავშირებული”, – წერია მიმოხილვაში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ირან-ისრაელის დაპირისპირებას ასევე გავლენა აქვს ნავთობის ფასზე, ეს კი საქართველოში ინფლაციის ზრდის რისკს აჩენს.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა – 7.5% ბოლო ხუთ დღეში – გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასების კვლავ ზრდის შემთხვევაში მოცემულ დეზინფლაციურ ზეწოლას შეასუსტებს. ასევე, საყურადღებოა ტვირთების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის შესაძლო გაძვირებაც”, – წერს TBC Capital-ი.
ამას გარდა, როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა.