მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა დაახლოებით 600 000 ლარი – GCCA-ის ანგარიში

მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა დაახლოებით 600 000 ლარი – GCCA-ის ანგარიში
2024 წელს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 102 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, გასული წლის განმავლობაში დარღვევის 102 ფაქტი 198 საქმიდან გამოვლინდა.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 56 მოვაჭრეს 92 საქმეზე 60 000 ლარი დაეკისრა. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ ანაზღაურდა დაახლოებით 600 000 ლარი. დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

“2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა
დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტისთვის. წლევანდელი საქმიანობა ორი მთავარი მიმართულებით განვითარდა – შიდა რეფორმები და საერთაშორისო თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ჩართულობით, 2024 წელს მიღებული იქნა მომხმარებელის დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების გაძლიერებას, სამართლიანი ბაზრის შექმნას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას. სტრატეგია ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ფასების მითითებისა და სამომხმარებლო განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა, რაც მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის ფასისა და პირობების შესახებ და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აქტიური შეხვედრები გამართეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის სმენადაქვეითებულ პირებთან, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან და სკოლის მოსწავლეებთან. ეს შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გააზრებასა და მათი უფლებების გაძლიერებას ემსახურებოდა”, – წერია ანგარიშში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *