მოსალოდნელია თუ არა მიგრაციული კრიზისი ირან-ისრაელის დაძაბულობის ფონზე?

მოსალოდნელია თუ არა მიგრაციული კრიზისი ირან-ისრაელის დაძაბულობის ფონზე?
დღეს, ადამიანებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ისე უნდათ, როგორც არასდროს. ანალიტიკური კომპანია Gallup-ის შეფასებით, მიგრაციის სურვილი უპრეცედენტო დონეს აღწევს, ხოლო ადამიანთა სურვილი, დატოვონ საკუთარი ქვეყანა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ათწლეულის წინ იყო. თან, მოთხოვნა გაზრდილია ფაქტობრივად ყველგან, როგორც განვითარებად სუბსაჰარულ აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, ასევე განვითარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, რომლებიც, როგორც წესი, თავად არიან მიგრანტების სამიზნე.

Gallup-ის ბოლო კვლევით, გლობალურად, მიგრაციაზე ზრდასრულთა 16% ფიქრობს, რაც დაახლოებით 900 მილიონი ადამიანია. აღნიშნული მონაცემებით, ემიგრაციის ყველაზე მაღალი სურვილი სუბსაჰარულ აფრიკაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი აღმოსავლეთ აზიაში. 2011 წელთან შედარებით, მაჩვენებელი ყველაზე დრამატულად ლათინურ ამერიკაში და კარიბის ზღვის რეგიონში გაიზარდა. ემიგრაციის სურვილი ტრადიციულად ასევე მაღალია ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში.

მიგრაციის სურვილის მიზეზად გამოკითხულები სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ, მათ შორისაა უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა, შემოსავლის გაზრდა და განათლებაა. ამასთან, მიგრაციის დიდი ტალღები ხშირად ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო დაპირისპირება ან ომი იწყება, ბოლო წლებში, მიგრანტების დიდი ნაკადი სირიიდან და უკრაინიდან წამოვიდა, რომელთა უდიდესი ნაწილი მეზობელმა სახელმწიფოებმა და ევროკავშირმა მიიღეს.

ამჟამად, მსოფლიოში კიდევ ერთი კონფლიქტი მძვინვარებს, რომელმაც, ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა მიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, ისრაელს და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას ვგულისხმობთ, რომელსაც, შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვეს. მიგრაციული წნეხი, სავარაუდოდ, პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის თურქეთზე, იორდანიაზე და კვიპროსზე აისახება, რომლებიც, ხშირად, ლტოლვილებისთვის პირველი გაჩერების ქვეყნებად ითვლება. ასევე მოსალოდნელია მიგრაციული ნაკადების გააქტიურება ევროპისკენ, რაც გაამწვავებს ლტოლვილებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დისკუსიებს ევროკავშირის ფარგლებში.

თუ დაპირისპირება მხოლოდ ლოკალური შეტაკებებით შემოიფარგლება. მაგალითად, დრონების და რაკეტების ცალკეული გაცვლით ან საჰაერო დარტყმებით კონკრეტულ სამიზნეებზე – მაშინ მოსალოდნელია შიდა გადაადგილება ორივე ქვეყანაში. ისრაელში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ რეგიონებში ან ღაზას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ შესაძლოა დროებით დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რაც დაახლოებით 100,000–250,000 ადამიანის გადაადგილებას ნიშნავს. ირანში, განსაკუთრებით დიდი ქალაქების ან სტრატეგიული ობიექტების შეტევის შემთხვევაში, შიდა მიგრაცია შეიძლება 300,000–500,000 ადამიანს შეეხოს.

თუმცა, თუ კონფლიქტი გადაიზარდა სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში – მაგალითად, აშშ-ის ან სხვა რეგიონული მოთამაშეების ჩართვით – მიგრაციული შედეგები გაცილებით მძიმე იქნება. ამ შემთხვევაში შესაძლოა მიგრაციის ახალი ტალღა წამოვიდეს ირანიდან, ლიბანიდან, სირიიდან, პალესტინიდან და იემენიდან. რეგიონში გადაადგილებულთა საერთო რაოდენობამ შეიძლება 2-დან 5 მილიონამდე მიაღწიოს. მათგან ნაწილმა შეიძლება თავი შეაფაროს თურქეთს, იორდანიას ან ერაყს, ხოლო დაახლოებით მილიონი ადამიანი ეცდება ევროპაში გადასვლას, ძირითადად ბალკანეთის მარშრუტით. ასეთ ვითარებაში თურქეთი, დიდი ალბათობით, კიდევ 500,000 ლტოლვილს მიიღებს, რაც მის ინფრასტრუქტურაზე სერიოზულ ზეწოლას გამოიწვევს.

არსებობს მესამე სცენარი, როდესაც სამხედრო დაძაბულობა გრძელდება, მაგრამ ღია ომამდე არ მიდის. ასეთ ვითარებაში მიგრაცია იქნება შედარებით ნელი, მაგრამ სტაბილური – ლტოლვილთა ტალღა ნაკლები იქნება, მაგრამ გაიზრდება ეკონომიკური და არალეგალური მიგრაცია ირანიდან, სირიისა და ლიბანის მიმართულებიდან. ასეთ პირობებში, ევროპაში მომდევნო წლების განმავლობაში შესაძლოა 100,000–300,000 ადამიანმა მოინდომოს გადასახლება ეკონომიკური სტაბილურობის დაკარგვისა და გრძელვადიანი დაძაბულობის ფონზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *