მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად დასანქცირდება – ბაჩიაშვილის ადვოკატი

ბაჩიაშვილის თქმით, გატაცებული “აირზენას” ბორტით ჩამოიყვანეს – რას აცხადებენ კომპანიაში?
მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად დასანქცირდება ისევე, როგორც ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა განაცხადა. მისი თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, გიორგი ბაჩიაშვილს ფული მოჰპაროს.

„არაფერი რთული, კომპლექსური ამ საქმეში არ არის. მათ ჩაიდინეს დანაშაული, მოიტაცეს ბაჩიაშვილი, მოიტყუეს ამის შესახებ, კაცს თვალები აუხვიეს და საქართველოში ყველამ იცის, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ იმისა, როგორც დღეს ამ კაცს ეპყრობიან. 11 წლით აპირებენ მის გამოკეტვას ციხეში – წარმოუდგენელია, აღმაშფოთებელია. ეს არის კრიმინალი. მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო აუცილებლად დასანქცირდება ისევე, როგორც ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა. ბაჩიაშვილი 100%–ით მართალია: ყველა პროკურორი, ყველა ინდივიდი, რომელიც ამ კრიმინალს უკავშირდება, აუცილებლად გადაიხდის ფასს“, – განაცხადა ამსტერდამმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სარგებლისთვის დაეჩაგრათ ადამიანი. „საქართველო სახელმწიფო აღარ არის. ის მილიარდერის სათამაშო მოედნად გადაიქცა“, – დასძინა მან.

ამასთან, ამსტერდამის განცხადებით, მას რა ინფორმაციაც აქვს, იმის მიხედვით, შესაძლებელია ითქვას, რომ ციხის შიგნით ბაჩიაშვილს ადეკვატურად ეპყრობიან.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ “ქართუ ბანკის” სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება “მტკვარი ჰესის” საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის “შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *