“მოსახლეობა მხოლოდ [რუსეთისა და უკრაინის] მოქალაქეების ხარჯზე იზრდება” – ლაშა ლაბაძე

“მოსახლეობა მხოლოდ [რუსეთისა და უკრაინის] მოქალაქეების ხარჯზე იზრდება” – ლაშა ლაბაძე
სტატისტიკას, რომლის თანახმადაც 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა 9.9 ათასით, 3 704 500-მდე გაიზარდა ACT Global-ის ეკონომიკური განვითარების პორტფელის ლიდი, ლაშა ლაბაძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ზრდა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების ხარჯზეა, საქართველოს მოქალაქეთა გადინება კი ციკლურია და სალდო ხან დადებითია, ხან – უარყოფითი.

მიგრაციული სალდო, რომელიც დადებითია, არ შეიძლება ავტომატურად პოზიტიურად ინტერპრეტირდეს, იმიტომ რომ ეს პირველად არ ხდება. მიგრაციული სალდო პირველად დადებითი 2020 წელს გახდა, რაც ისტორიული მაჩვენებელი იყო; მანამდე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო. ამის მიზეზი, ცხადია, იყო პანდემია და ამაში პოზიტიური არაფერი არ არის. 2020 წლიდან სალდოს ციკლურობა ახასიათებს, 2021 წელს ნეგატიური იყო, 2022-ში ისევ დადებითი, 2023-ში ისევ ნეგატიური და 2024-ში მცირედ დადებითი მიგრაციული სალდო გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მიგრაციული სალდო დადებითი იყო, ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების იმიგრაციის ხარჯზე მოხდა. საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო…. ჯამურად იმიგრაციისა და ემიგრაციის გათვალისწინებით, 2022-23 წლებში საქართველომ 120 ათასი მოქალაქე დაკარგა ემიგრაციაში. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ციკლურობა დაირღვევა და პოზიტიური სალდო შენარჩუნდება მომდევნო წლებში

2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციული სალდო ნეგატიურია, თუმცა ბოლო სამი წლის მონაცემებით, 77 ათასი რუსი იმიგრანტი ჰყავს საქართველოს, უკრაინის მაჩვენებელი ანალოგიურ პერიოდში არის 22 ათასი. ანუ მოსახლეობის ზრდა ცალსახად არის აი ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეების ხარჯზე – საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ”, – განაცხადა ლაშა ლაბაძემ “ანალიტიკასთან” ინტერვიუში.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე ტვინების გადინებამ, ლაბაძე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქვეყანას 25-დან 29 წლამდე ახალგაზრდები ტოვებენ, სამომავლოდ ეს პრობლემა, შესაძლოა, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც აისახოს.

“სამუშაო ძალის ზრდა ზოგადად კარგია, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები ძირითადად არიან ახალგაზრდა ასაკის, 25-დან 29 წლამდე, ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სხვა ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე არ არის მდგრადი, ეს აუცილებლად მიილევა და ვიქნებით საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ძალის იმედზე, გრძელვადიან პერიოდში. ეს ძალიან შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს, როდესაც ტვინების გადინებასთან გვაქვს საქმე, ინვესტიციების მოზიდვისთვის. ასევე გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდა უკავშირდება სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, დაბალპოდუქტიული სექტორებიდან მუშახელი უნდა დასაქმდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებში, რასაც ტვინების გადინება ხელს უშლის”, – აღნიშნა ACT Global-ის წარმომადგენელმა.

მზარდი ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ლაშა ლაბაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ქვეყნის ეკონომიკური და ევროპული პერსპექტივა ბუნდოვანია.

რამდენიმე მიზეზი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ ნომერ პირველი ის არის, რომ იქ უკეთეს ეკონომიკურ პერსპექტივას ხედავენ, აქ ვერ დაინახეს თავიანთი მომავალი, დაინახეს გაზრდილი რისკების საფრთხე, შიში აქვთ მომავლის, რომელიც, მათი აღქმით, აღარ არის ევროპული; სამწუხაროდ, ეს შიში საფუძველს მოკლებული არ არის. შეიძლება, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ საქართველო დემოკრატიულ საწყისებს მოწყდა. თუ ეს პოლიტიკური ვექტორი გაუმჯობესდება, იმედს ვიტოვებ, რომ დადებითი ემიგრაციული სალდო მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება”, – განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება და დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *