“მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან…” – რას წერს სენატორი დეინსი კო

“მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან…” – რას წერს სენატორი დეინსი კო
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას X-ზე ეხმიანება და წერს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ იმუშაოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განვითარებისთვის.

„სენატორი დეინსი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ და მან მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განვითარებისთვის”, – წერს სენატორი.



შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

“პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *