რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათი ცნობით, მოქანდაკე საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია მხატვრის ასისტენტზე სერგეი შაგულაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს, მოქანდაკე 22 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წერეთელი ხუთ ათასზე მეტი ნამუშევრის ავტორია, მათ შორის მისი შექმნილია 35-მეტრიანი, ბრინჯაოს მოოქრული წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც 2006 წლის 23 ნოემბერს აღმართეს თავისუფლების მოედანზე და მონუმენტი “საქართველოს მატიანე” თბილისის ზღვასთან. ზურაბ წერეთლის ნამუშევრებს შორის არის ასევე მისი ახლო მეგობრისა და მოსკოვის ყოფილი მერის ქანდაკება “იური ლუჟკოვი, როგორც სპორტსმენი”, ასევე ვლადიმერ პუტინის სკულპტურა, რომელიც წლების განმავლობაში მისი სახლის ეზოში იდგა. თუმცა, თავად ავტორი ჯიუტად ამბობდა, რომ ეს არ არის პუტინის სკულპტურა, ეს არის სკულპტურა, სახელწოდებით “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.
მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
