“მსხვილ ტენდერებში უცხოური კომპანიები იმარჯვებენ, ქართველები მხოლოდ ქვეკონტრაქტორები არიან” – ბემონი
“ბემონის” მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავას შეფასებით, ქართული კომპანიების უმეტესობას საერთაშორისო ბაზრებზე სერვისის ექსპორტი გაუჭირდება, რასაც ის რამდენიმე არგუმენტით ხსნის.
საქართველოში სამომავლოდ ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე ინფრასტრუქტურულ სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება და ალტერნატივად საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს განიხილავს. ინფრასტრუქტურული პროექტების უცხოეთში განხორციელების სტაჟი და პრაქტიკა ქართულ კომპანიებს დიდი არ აქვთ, თუმცა ფიქრობენ, რომ პოტენციალი არის.
გიორგი მირცხულავას თქმით, ადგილობრივად იმ გამოცდილების დაგროვება, რაც უცხოეთის ბაზარზე მუშაობისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლებს სჭირდებათ გამოწვევაა, რადგან დონორული დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერებში ქართული კომპანიები დამოუკიდებლად ვერ ერთვებიან, რის გამოც ხშირად მსხვილ პროექტებს ჩინური და თურქული კომპანიები იღებენ და ადგილობრივი ბიზნესი მხოლოდ კონტრაქტორად საქმდება.
“იმის თქმა, რომ მასიური შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი უცხოეთში ქართული ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის, გადაჭარბებულია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქართულ კომპანიებს ექმნებათ, ის არის, რომ ქართული კომპანიებისთვის საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა ძალიან რთულია, რადგანაც თითქმის ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან არის დაფინანსებული, რომლებიც 5 მსგავსი პროექტის ან 100 მილიონიანი დოლარიანი ბრუნვის დემონსტრირებას ითხოვენ. ეს აბსურდული და 99.9% შემთხვევაში შეუსრულებელია. ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები აფინანსებენ პროექტებს საქართველოში, უცხოური კომპანიები იმარჯვებენ და მათ ეს გამოცდილებაში ეთვლებათ. ქართული კომპანიები ძირითადი ქვეკონტრაქტორები არიან, თუმცა მათ ეს 90% შემთხვევაში არ ეთვლებათ. შედეგად, ვიღებთ მოცემულობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა შენდებ, თუმცა ქართული კომპანიები ამას თავის თავზე ვერ იწერენ”, – ამბობს “ბემონის” მმართველი პარტნიორი გიორგი მირცხულავა.