მუზეუმების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მუზეუმების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მუზეუმების გაერთიანების ნინი სანადირაძის გადაყენების შემდეგ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რამდენიმე დღეა, რაც თბილისის მერიის აიპ-ის დირექტორად გიგა დაიაური დაინიშნა – ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, გიგა დაიაური მანამდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა.

„მუზეუმების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე მერის ბრძანებით დაინიშნა“, – აცხადებენ მერიაში.

აღსანიშნია, რომ მუზეუმების გაერთიანების დირექტორის ადგილი 4 აპრილის შემდეგაა ვაკანტური. თბილისის მერიის აიპ-ის ყოფილმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ Facebook-ზე კახა კალაძის მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თანამდებობა დროზე ადრე დაატოვებინეს.

თბილისის მერიაში კი გათავისუფლების მიზეზად დავალების შეუსრულებლობა დაასახელეს.

“თბილისის მერიის მიერ გაცემული კონკრეტული დავალებების შეუსრულებლობის გამო, ნინი სანადირაძე გათავისუფლდა დაკავებული პოსტიდან”, – უთხრეს მერიის პრესსამსახურში BMG-ის.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *