მუზეუმთა გლობალური ბაზარი $9.14 მილიარდადაა შეფასებული – მიმოხილვა

მუზეუმთა გლობალური ბაზარი $9.14 მილიარდადაა შეფასებული – მიმოხილვა
მუზეუმების გლობალური ბაზარი დინამიკურ ტრანსფორმაციას განიცდის, რასაც ხელს ტექნოლოგიური განვითარება, დაფინანსების მოდელების ცვლილებები და დამთვალიერებელთა მზარდი მოლოდინები უწყობს. იმ ფონზე, რომ კულტურული ინსტიტუციები უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ ხელსაწყოებს და ახდენენ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას, სექტორს ზრდისა და ნოვატორობისთვის ახალი შესაძლებლობები ეძლევა.

2025 წელს მუზეუმების გლობალური ბაზარი $9.14 მილიარდადაა შეფასებული. მუზეუმთა შემოსავლის 40.2% გაყიდულ ბილეთებზე მოდის, რაც მათი მაღალი საგანმანათლებლო ღირებულებით აიხსნება. ინოვაციური გამოფენებისა და პროგრამების წყალობით, მუზეუმებს ვიზიტორებისთვის აბსტრაქტული კონცეფციები რეალობაში გადმოაქვთ და ცოდნის მიღების არატრადიციულ მეთოდებს ქმნიან.

ამასთან, მუზეუმთა ბაზრის ანალიზის თანახმად, მართვის ტიპის მიხედვით, 2025 წელს მუზეუმთა 50.2% საჯარო სეგმენტზე მოდის. როგორც წესი, ადგილობრივი მთავრობების მიერ მართული საჯარო მუზეუმებისთვის ინკლუზიურობა და კულტურული ძეგლების განურჩევლად ყველა მოქალაქისთვის გაზიარება პრიორიტეტია; ასეთი მუზეუმების დიდი ნაწილი სტრატეგიულ ლოკაციებზე, ქალაქის ცენტრებშია განთავსებული, რაც მათ ტურისტებისთვისაც მიმზიდველ სანახაობად აქცევს.

ამასთან, ბაზრის წილის თითქმის მესამედი, 30.6% ხელოვნების მუზეუმებზე მოდის. ხელოვნების მუზეუმები კაცობრიობის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვანი არტისტული ტალანტის შენახვასა და წარმოჩენაში კრიტიკულ როლს ასრულებენ. ამასთან, სწორედ ხელოვნების მუზეუმები აძლევენ ვიზიტორებს შესაძლებლობას, გაეცნონ იმ მიმართულებებსა და ჟანრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ცივილიზაციის განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. ნახატების, ქანდაკებებისა და სხვა ნამუშევრების იშვიათი კოლექციები ადამიანებში ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასა და კრეატიულ აზროვნებას აღვიძებენ, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს სეგმენტი ბაზრის უპირობო ლიდერია.

სამუზეუმო პროექტებში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების ზრდა და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება ინდუსტრიის ზრდას უწყობს ხელს. სწრაფი გაციფრულება და ახალი ტექნოლოგიების ათვისება კი მუზეუმებს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვაში ეხმარებათ. ამ ყველაფერთან ერთად ტურიზმის ზრდა მუზეუმების გლობალურ ბაზარს 2032 წლამდე 12.5%-ით გაზრდას უწინასწარმეტყველებს, ბაზრის ღირებულება კი $20.8 მილიარდს შეადგენს.

მოგზაურობის დროს მუზეუმები ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესასწავლადაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა, ამიტომ ყოველწლიურად ათასობით მუზეუმს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

მუზეუმები, რომელთაც 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია:

1. ლუვრი – 9 334 000

მუზეუმებს შორის ყველაზე პოპულარული და, შეიძლება ითქვას, რეკორდსმენიც, ლუვრია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 60 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრს იკავებს და ვიზიტორებს 380 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის დათვალიერების საშუალებას აძლევს. სწორედ ლუვრშია განთავსებული პლანეტის ყველაზე ცნობილი, მონა ლიზას პორტრეტი და უნიკალური, სამარკო შუშის პირამიდაც, რომელიც ჩინელი წარმოშობის ამერიკელმა არქიტექტორმა შექმნა. 2024 წელს ლუვრის მუზეუმი 9,334,000-მა ვიზიტორმა მოინახულა.

2. ბუნების ეროვნული მუზეუმი – 8 000 000

ვაშინგტონის ბუნების ეროვნული მუზეუმი ასევე ლიდერობს ვიზიტორების რაოდენობით. მუზეუმი 140 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და მილიონობით ექსპონატს ითვლის, მათ შორის 126 მილიონზე მეტ საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნიმუშსა და კულტურულ არტეფაქტს, მწერების, მცენარეებისა და თევზების ნიმუშებსა და 400 ათასზე მეტ ფოტოს. გასულ წელს ბუნების მუზეუმს 8 მილიონი ადამიანი ეწვია.

3. ჩინეთის ეროვნული მუზეუმი – 7 450 000

პოპულარულ მუზეუმებს შორისაა ჩინეთის ეროვნული მუზეუმიც, რომელიც პეკინში მდებარეობს და ვიზიტორებს 1.3 მილიონი ექსპონატის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. მუზეუმში შეხვდებით ჩინური კულტურის ყველა სეგმენტს, იქნება ეს ანტიკური კერამიკა თუ კალიგრაფიული ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები თუ ბუდისტური სკულპტურები და სხვა. 7,450,000 ვიზიტორით, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი მესამე ადგილს იკავებს.

4. ჰაერისა და კოსმოსის ეროვნული მუზეუმი – 6 970 000

სმითსონის ჰაერისა და კოსმოსის ეროვნული მუზეუმი საავიაციო და კოსმოსური არტეფაქტების მსოფლიოში უდიდეს კოლექციას ფლობს. მუზეუმის ორ შენობაში 23 საგამოფენო დარბაზია, რომლებიც ადამიანის კოსმოსური მოგზაურობის ამსახველ ათასობით ექსპონატს აერთიანებენ. მუზეუმი 71 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც გასულ წელს 6,970,000 ვიზიტორს უმასპინძლა.

5. ბრიტანეთის მუზეუმი – 6 701 000

ბრიტანეთის მუზეუმი მსოფლიოში პირველი საჯარო, ეროვნული მუზეუმი იყო, რომელიც 1975 წელს გაიხსნა. მუზეუმში 8 მილიონზე მეტი არტეფაქტია განთავსებული მთელი მსოფლიოდან, მათ შორისაა როზეტის ქვა, რომელზეც დატანილია ძვ. წ. 196 წელს მემფისში (ეგვიპტე) მეფე პტოლემე V-ის განკარგულებით გამოცემული სამენოვანი ბრძანება, რითაც ქვა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის საქმეში გასაღებად იქცა. ეს და სხვა ექსპონატები 2024 წელს 6,701,000 ადამიანმა მოინახულა.

6. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი – 6 280 000

7. ეროვნული გალერეა – 6 031 000

8. ვატიკანის მუზეუმები – 5 459 000

9. ბუნების ისტორიის მუზეუმი – 5 250 000

10. ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმი – 5000 000

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *