საოჯახო მარნების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მცირე ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გრანტების ნაკლებობაა.
ამ პრობლემაზე საუბრობენ საოჯახო მარან Good Wine-ში, რომელმაც დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელი, რატი სამხარაძე აცხადებს, გასულ პერიოდში მცირე ბიზნესისთვის მეტი საგრანტო რესურსი იყო ხელმისაწვდომი. მისი თქმით, ფინანსებზე წვდომის სიმცირე მცირე მეღვინეებს წარმოების გაფართოებაში ხელს უშლის.
“ოთხი სახეობის ღვინოს გვაქვს ამჯერად, 3000 ბოთლამდე ვაწარმოებთ წლიურად, წარმოების გაზრდა გვინდა. ვფიქრობ სამომავლოდ 6000 ბოთლამდე ავიდე, თუმცა ხარისხიანი ინვენტარი და რეზერვუარები ძვირია. გამოფენაზე ბევრი მცირე მარანია წარმოდგენილი და საერთო პრობლემა ერთია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, იაფი სესხი, გრანტების ნაკლებობა. ადრე მცირე და საშუალო ბიზნესზე გრანტები გაიცემოდა, ახლა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, არასტაბილური მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით და კრედიტების ნაკლები შემოდინებაა”, – განაცხადა რატი სამხარაძემ.