„ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით“, — აღნიშნა ჰიპერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხად და ხაზი გაუსვა, რომ ცენტრის დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით გადადგმულ სხვა ნაბიჯებს.
მისი თქმით, საუბარია, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციაზე და თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტებზე.
„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების განზრახვას დახუროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ცენტრის ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს. წარსულში ცენტრი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ [ცენტრის] გამოცხადებული დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით. ევროკავშირი გააგრძელებს ზომების გამოყენებას – პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას – და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.