ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა

ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ნიკა გვარამია პროცესს არ ესწრებოდა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ემორჩილება საქართველოს კონსტიტუციას და არა „ოცნებისას“. ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან მივიდა.

„რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა, რომელიც იქ [საგამოძიებო კომისიაზე] არ მივიდა. იმ კომისიაზე, რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო – გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სინდისის და სასამართლოს წინაშე მართალი ვარ. სადაც საჭიროა იქ მივალ და შემასახლებენ ციხეში. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო დგას“, – განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *