სარკოზი გახდა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, რომელმაც ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო დაკარგა. პირველი ყოფილი პრეზიდენტი, ვინც ორდენს ჩამოერთვა, იყო ფილიპ პეტენი — ნაცისტური გერმანიის კოლაბორაციონისტი, რომელიც 1945 წელს ოკუპანტებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს.
სარკოზისთვის ორდენის ჩამორთმევის ინიციატივის წინააღმდეგი იყო საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყოფილ პრეზიდენტებს პატივისცემით მოეპყრონ. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და იგი 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააწესა.
ნიკოლა სარკოზი 2021 წლის მარტში კორუფციისთვის დამნაშავედ ცნეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი 2007 წლის მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მიესაჯა. სასჯელი სარკოზიმ ციხის ნაცვლად ელექტრონული სამაჯურით მოიხადა.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელი სააპელაციო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საკასაციო სასამართლომ საჩივარი საბოლოოდ უარყო. სარკოზი ბრალდებებს უარყოფს და მისმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა დააანონსეს.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა.