კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “სეზონის” მაუწყებლობის ენად ქართულთან ერთად, დამატებით რუსულიც განუსაზღვრა. პირველი რუსულენოვანი გადაცემა — “იტოგი ნიდელი ს ნიკოლოზომ მჟავანადზე” (“კვირის შედეგები ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად”), 1-ელ ივნისს გავიდა ეთერში. გადაცემის წამყვანის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიასთან არსებული პრობლემების გამო, აქამდე რუსულენოვანი გადაცემა არ გადიოდა. “ქმნიან პრობლემებს, რომ ეთერში არ გავიდეს რუსულენოვანი გადაცემა საქართველოში. მაგრამ ბოლოs და ბოლოს გადავწყვიტეთ ყველა საკითხი და დღეიდან ყოველ კვირას ვიქნებით ეთერში”, — განაცხადა მჟავანაძემ პირველ გადაცემაში. “მედიაჩეკერის” ცნობით, მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება ComCom-მა 22 მაისს, ტელეკომპანია “სეზონის” მიმართვის საფუძველზე მიიღო. “თქვენი გულის გასახეთქად, მალე ელოდეთ პირდაპირ ეთერებს კრემლიდან”, — წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში. ტელეკომპანია “სეზონის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია. ის სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა.
ნიკოლოზ მჟავანაძე: “თქვენი გულის გასახეთქად, მალე ელოდეთ პირდაპირ ეთერებს კრემლიდან”
