სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ელექტროქსელები (ENA) სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, “სომხეთის ელექტროქსელებს” (ENA) მართავს სომხური წარმოშობის რუს მილიარდერ სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული “ტაშირ ჯგუფი”. Armenpress-ი წერს, რომ სამშაბათს საღამოს ხელისუფლებამ ერევანში მდებარე კარაპეტიანის ვილის ჩხრეკა და მისი დაკავება სცადა. იქ ბიზნესმენის ნათესავები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი, მათ შორის კარაპეტიანის ძმა, დააკავეს. სომხური მედიის ცნობით, ხელისუფლებამ არ გაამჟღავნა, თუ რაშია ეჭვმიტანილი კარაპეტიანი. ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციის მანქანაში გადაყვანისას კარაპეტიანმა, როგორც ამბობენ, თქვა: “მე არც ისინი და არც ელექტროქსელი არ მაინტერესებს”. საპასუხოდ, ფაშინიანმა დაგმო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის შესახებ განცხადებები და თქვა, რომ დროა ელექტროქსელი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს. “…ვფიქრობ, დროა, “სომხეთის ელექტროქსელები” ნაციონალიზება მოხდეს. ეს სწრაფად მოხდება,” — მედიის ცნობით, განაცხადა ფაშინიანმა და მოუწოდა კომპანიის თანამშრომლებს, სათანადოდ განაგრძონ თავიანთი სამუშაოს შესრულება. როგორც Armenpress წერს, კომპანია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო. 2024 წლის დასაწყისში, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის შესახებ საპარლამენტო მოსმენების დროს, სექტორზე პასუხისმგებელ მარეგულირებელ ორგანოს დაუსვეს კითხვები და გაიხსენეს 2015 წელს “ტაშირის” მიერ “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემისგან “სომხეთის ელექტროქსელების” შეძენის ფინანსური დეტალები.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ელექტროქსელები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა
