სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. სომხური მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფაშინიანს სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლეში სამუშაო ოფისში შეხვდება, რომელიც სომხური წარმოშობის არქიტექტორის მიერაა აშენებული.
თურქეთში ნიკოლ ფაშინიანი რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. აეროპორტში მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. სომხეთის პრემიერი თურქეთში სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენლებს უკვე შეხვდა, საღამოს კი ის თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, თუმცა მედია დროს არ აკონკრეტებს.
სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშიანიანმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფორმატში მოიწვევს, რომელიც ერევანში 2026 წელს გაიმართება.