პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოცნების ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! — არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება!”— განაცხადა ნინო წილოსანმა. მან სახალხო დამცველის რეპუტაციაზეც გაამახვილა ყურადღება: “მას საკმაოდ მძიმე რეპუტაციული მემკვიდრეობა ერგო ნინო ლომჯარიას, გიორგი ბურჯანაძისა და სხვათა სახით, რომლებიც ამ ინსტიტუციას აგენტურის ხელით მართავდნენ და მუდმივად ჩასაფრებულის რეჟიმში გადაიყვანეს” (კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს). ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ პოლიციელები მოქალაქეებს იცავდნენ და რევოლუციასა და გადატრიალების თავიდან არიდებას ცდილობდნენ. “პოლიციელები კვირების განმავლობაში ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავდნენ — იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია და გადატრიალება არ მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ პიროტექნიკის, ცივი იარაღის თუ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება. თქვენს ანგარიშში არ ყოფილა ის, რომ დემონსტრანტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს პიროტექნიკა დამიზნებით ესროლეს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უფლებებს რაღაც ერთი ჭრილით ვხედავთ. პოლიციელები, მათი ოჯახები და შვილები, რომელთა ფოტოებს, ადგილსამყოფელს და მისამართებს ეს ადამიანები დააფრიალებდნენ უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყვნენ”— განაცხადა ოცნების ვიცე-სპიკერმა (კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს). ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან იოსელიანმა ანგარიში წარადგინა და ვრცლად ისაუბრა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. მან ასევე, ხაზი გაუსვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს. სახალხო დამცველის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
ნინო წილოსანი: არც ერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე
