პრეზიდენტების სატელეფონო საუბრამდე ვაშინგტონის პოზიცია უკვე ცნობილი იყო. თეთრი სახლის პრესმდივანმა, პრესასთან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ თუ პუტინი ომის შეწყვეტას არ დათანხმდება, ამერიკის პრეზიდენტი კრემლის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ “ეარ ფორსის” ბორტზე განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯეი დი ვენსმა პირდაპირ თქვა, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და არც ის გამორიცხა, რომ თუ რუსეთი ომს არ შეაჩერებს, ამერიკა დიპლომატიურ ძალისხმევას შეწყვეტს.
ტრამპი-პუტინის საუბრის შესახებ სატელეფონო კომენტარი კრემლის პრესსპიკერმაც გაავრცელა. დიმიტრი პესკოვმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დააანონსა.
შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ევროკავშირის პოზიცია, დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ლონდონიდან გაახმოვანა. ანტონიუ კოშტამ, ბრიტანეთის და ევროკავშირის ერთობლივ სამიტზე, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ოკუპანტმა უკრაინის რეგიონები დღესაც დაბომბა. მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმას ხერსონის და სუმის ოლქებზე. არიან დაჭრილები.