“ორ ძირითად კანონს უთითებენ” – რის საფუძველზე სთხოვენ NGO-ებს ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებ

“ორ ძირითად კანონს უთითებენ” – რის საფუძველზე სთხოვენ NGO-ებს ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებ
ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს გზით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბენეფიციარების ინფორმაციის მიწოდებას გრანტების და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის საფუძველზე სთხოვს. ამის შესახებ საქართველოს მომავლის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი კაპანაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა.

როგორც დღეს, ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია.

როგორც მარი კაპანაძე ამბობს, კანონი, მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემისთვის NGO-ებს 3 დღეს უსაზღვრავს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი არ აპირებს მოთხოვნის შესრულებას და გადაწყვეტილება გასაჩივრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

“ანტიკორუფციული ბიურო და შემდგომ უკვე სასამართლო, უთითებს ორ ძირითად კანონს, ეს არის გრანტების შესახებ კანონი და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი. ამ უკანასკნელს საერთოდ რატომ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რა თქმა უნდა არის გაუგებარი.

ინფორმაციას ითხოვენ არა მხოლოდ იმ პერიოდზე, როდესაც კანონში ცვლილებები შევიდა, მაგალითად აპრილიდან მოყოლებული, არამედ 2024 წლის 1 იანვრიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუნდაც იმ რეპრესიულ კანონებს, რაც მიიღეს, კიდევ უფრო ფართოდ და ბოროტად იყენებენ.

საქართველოს მომავლის აკადემია აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან. შესაბამისად, ეს კანონი და კანონიდან გამომდინარე სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო ჩვენ ფაქტობრივად გვავალდებულებენ, მივაწოდოთ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოში მოქმედ სხვა კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზანია თვითგანადგურების ეტაპზე გადაგვიყვანონ და ის ნდობაც დავკარგოთ საზოგადოებაში, რომელიც არსებობს.

აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ სამართლებრივ გზებს და გავასაჩივრებთ ამ ბრძანებას, რისთვისაც ორი დღე გვაქვს და დადგენილ ვადაში შევიტანთ საჩივარს ზემდგომ ინსტანციაში. პარალელურად, ვაპირებთ გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები, რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ ეროვნულ დონეზე სასამართლოები კანონით და კონსტიტუციით იხელმძღვანელებენ, არ გვაქვს”,- ამბობს მარი კაპანაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *