გლობალურ გეოპოლიტიკაში არსებული ვითარების ფონზე ოქროს ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა ევროზონის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკს წარმოადგენს — აი, სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ევროპის ცენტრალური ბანკი. ორგანიზაციის შეფასებით, სასაქონლო ბირჟებზე დიდი ტრეიდერები დომინირებენ, რომლებიც ბაზარზე არაპროპორციულ გავლენას ახდენენ. ამასთან, მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა ფიზიკურ ოქროზე, რამაც, შესაძლოა, მიწოდების ჯაჭვებში პრობლემები შექმნას, რაც, ისევ და ისევ, ძვირფასი მეტალის ფასზე აისახება.
დღეს, უნცია ოქრო $3,220-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც, მართალია, აპრილის ბოლოს დაფიქსირებულ თითქმის $3,500-იან მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება, მაგრამ ერთი წლის ჭრილში ოქრო მაინც მკვეთრად, კერძოდ 34%-ითაა გაძვირებული. ოქროს ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული მსოფლიოში არსებულ გაურკვევლობასთან, რადგან რთულ ეკონომიკურ დროს ინვესტორები დროში გამოცდილ სტაბილურ აქტივებს ირჩევენ და ოქრო ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია.