“ოცნებამ” ტელევიზიების კონფიდენციალური ინფორმაციის ბანკებიდან გამოთხოვას I მოსმენით მხარი დაუ

“ოცნებამ” ტელევიზიების კონფიდენციალური ინფორმაციის ბანკებიდან გამოთხოვას I მოსმენით მხარი დაუ
“ქართულმა ოცნებამ” პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ. ინიციატივას 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებების თანახმად, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“ ახალი თავი ემატება, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებას აძლევს, კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპოვოს.

“ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ეს ცვლილება უკავშირდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცოტა ხნის წინ შეტანილ შესწორებას, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლებს უცხოეთიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ეზღუდებათ.

„ამის მიზანი იყო, რომ საზოგადოება გავლენებისგან იყოს დაცული და მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. იმისათვის, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმის გამოყენებით გადაამოწმოს, იღებენ თუ არა მაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსებას, იმისათვის, რომ არც ერთ პირს არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება კანონის გვერდის ავლით მიიღოს ამგვარი დაფინანსება, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხვებისა და კონკრეტული გადარიცხვების თაობაზე“, — განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს. მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48 საათი მიეცემა, ხოლო სააპელაციო წესით სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 10 დღის ვადაში მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის მიერ სახდელის დადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გააჩერებს ამ აქტის მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

გორდულაძე აღნიშნავს, რომ პირთა უფლებების დაცვა კვლავ უზრუნველყოფილია „სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, რადგან მხარეს აქვს შესაძლებლობა სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვოს აქტის მოქმედების შეჩერება შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *