სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სტრატეგია სრულ თანხვედრაშია ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების – 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ და “საქართველოს განვითარების სტრატეგია − ხედვა 2030” – მიზნებთან და ამოცანებთან.
დოკუმენტის თანახმად, მიზანშეწონილია სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოს, როგორც საოპერაციო/ტექნიკურ დონეზე მაკოორდინირებელი და მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების, ინსტიტუციური გაძლიერება.
“სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ციფრული მმართველობის სისტემის გაძლიერება, ქმედითი და ეფექტიანი ინსტიტუციური არქიტექტურის შექმნა და ეროვნულ დონეზე კოორდინირებული და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტორების ჩართულობა, რისთვისაც სტრატეგია მიზნად ისახავს საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმის გაძლიერებასაც”, – წერია დოკუმენტში და ერთ-ერთ ამოცანად დასახელებულია საჯარო და კერძო სექტორებს შორის ციფრული მმართველობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება.
სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ მთავრობა იწყებს პარტნიორობის ახალ ეტაპს კერძო სექტორთან.
“კერძო სექტორის ორგანიზაციები ბოლო წლებში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რათა უფრო მიმზიდველი გახადონ მათ მიერ შეთავაზებული სერვისები. ციფრული მმართველობის სტრატეგიის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობა იწყებს პარტნიორობის ახალ ეტაპს კერძო სექტორთან, რომელშიც იგულისხმება ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობების შექმნა, თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. საკომუნიკაციო პლატფორმა ჩამოყალიბდება ციფრული მმართველობის ფორუმის სახით, როგორც თანამშრომლობისა და პარტნიორობის საშუალება, საერთაშორისო პრაქტიკის და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმი.
საბოლოო ჯამში, თანამშრომლობის ეს ფორმა მიზნად ისახავს ქვეყნის ციფრული მმართველობის სისტემის განვითარებას. საჯარო-კერძო პარტნიორობის პროცესის სწორად დაგეგმვის მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა ჩართულ მხარეს ნათლად ჰქონდეს გაცნობიერებული მისი როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოს ციფრული მმართველობის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში (ეკოსისტემა). დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შემუშავდება აღნიშნული სისტემის არქიტექტურული მოდელი, რომელიც უნდა მოიცავდეს საერთო გამოყენების ინფრასტრუქტურის კომპონენტების (მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, მოქალაქის პორტალი, ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, სახელმწიფო ქლაუდი, ციფრული ხელმოწერა, ციფრული არქივი, მოქალაქისთვის ელექტრონული შეტყობინების საერთო არხები და ა.შ.) აღწერას და მათი განვითარების ქვე-სტრატეგიებს. აღნიშნული მოდელი შეასრულებს ერთგვარი რუკის ფუნქციას გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.
საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის არსებობის პირობებში, განხორციელდება კვალიფიციური სანდო მომსახურების პოპულარიზაცია და სანდო მომსახურებების დანერგვა კერძო სექტორის ორგანიზაციებში, მაგალითად, როგორიცაა სადაზღვევო და საბანკო სექტორები”, – წერია დოკუმენტში, თუმცა, არაა დაკონკრეტებული რა მომსახურებების დანერგვაზეა საუბარი. თუმცა, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება კერძო სექტორის სერვისების განთავსება სახელმწიფო სერვისების ერთიან პორტალ − My.gov.ge-ზე.
“გარდა სერვისების ინტეგრაციისა, კერძო სექტორის ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია ღია მონაცემთა მნიშვნელობის შესახებ, რათა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული დიდი მოცულობის ინფორმაციის გამოყენებით შეიქმნას შესაბამისი სერვისები და პროდუქტები”, – აღნიშნულია სტრატეგიაში.
საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიის განხორციელების 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის დაფინანსების წყაროდ განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტი და განვითარების პარტნიორების მხარდაჭერის პროგრამები.
2025-2026 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი შეადგენს 3 670 169 ლარს.