მოქმედი კანონი:
დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს კონსულტაციების საფუძველზე ერთი თვის ვადაში ირჩევდა, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენდა.
რა იცვლება?
ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვის, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესს დაუყოვნებლივ დაიწყებს, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
კანდიდატების დასახელება და კენჭისყრა:
- გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება ექნება, მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელოს.
- კანდიდატს კენჭი ეყრება საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. კენჭისყრა ღია იქნება.
- კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
რა ხდება თუ კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მიიღებს?
- ერთი კანდიდატი: თუ წარდგენის პროცესში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება.
- ორი კანდიდატი: თუ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება.
- ორზე მეტი კანდიდატი: თუ ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო ერთი კვირის ვადაში, კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს.
- ხმების თანაბრობა: თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტი იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
პარლამენტში წარდგენა და შემდგომი პროცედურა:
საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა (76 დეპუტატის მხარდაჭერა) ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელსაც 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა, პოსტიდან 4 ივნისს გადადგა. იმ დღესვე გახდა ცნობილი, რომ გენერალურ პროკურატურაში ახალი მოადგილე, გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელია.