კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, იგეგმება არა მხოლოდ მოქმედი მუხლების გაუქმება, არამედ სიტყვის თავისუფლების რეგულაციის ახალი წესების დაწესებაც.
მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის
კანონპროექტის მთავარი სიახლე ის არის, რომ ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი გადავა მოპასუხეზე. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური ან რეპუტაციული ზიანი მიიღო, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ვალდებულებისგან. ამის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრება იმის მტკიცება, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
ცილისწამების განმარტება დაზუსტდება
კანონპროექტით დაზუსტდება ცილისწამების განმარტება. იგი განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის სახელის გამტეხი განცხადება“. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „ვინაიდან პირის მიმართ გავრცელებული განცხადება, რომელიც მცდარ ფაქტს შეიცავს, თავისთავად არის პირისთვის იმავდროულად ზიანის მიმყენებელი, როგორც მისთვის სახელის გამტეხი განცხადება“.
მორიგების ვადა მცირდება
ცვლილებების მიღების შემდეგ, ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი ვადა 1 თვიდან 10 დღემდე შემცირდება.
კერძო და საჯარო პირების ცილისწამება
კანონპროექტით ცვლილებები შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-13 და მე-14 მუხლებში, რაც როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანას ითვალისწინებს.
-
კერძო პირის ცილისწამება (მუხლი 13): კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია, სასამართლოს უნდა წარუდგინოს სადავო განცხადება, მიუთითოს, რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს იგი მის შესახებ და დაასაბუთოს, რატომ არის ის მისთვის სახელის გამტეხი. მოპასუხეს დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
-
საჯარო პირის ცილისწამება (მუხლი 14): საჯარო პირის შემთხვევაშიც ანალოგიური მექანიზმი მოქმედებს. თუმცა, მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ ის დაამტკიცებს, რომ განცხადების გავრცელებამდე მიიღო ყველა აუცილებელი გონივრული ზომა ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ (კეთილსინდისიერების პრინციპი).
კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობა და კვალიფიციური პრივილეგიები
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას. მოქმედი რედაქციით, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ცვლილება ხდება „ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და მეორე ადამიანის გამოხატვის თავისუფლების, როგორც თანაბარწონადი სიკეთეების გათვალისწინებით და მათ შორის სამართლიანი ბალანსის ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენის თვალსაზრისით“.
გარდა ამისა, კანონიდან ამოღებულია ცილისწამებისთვის კვალიფიციური პრივილეგიების შესახებ ნორმები , რომლებიც, განმარტებითი ბარათის თანახმად, „გარკვეულწილად პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად კანონის პრინციპებთან“.
ზიანის ანაზღაურება
კანონპროექტი აზუსტებს ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის მარეგულირებელ ნორმებს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
კანონპროექტის ინიციატორი: “ოცნების” დეპუტატები დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, ირაკლი შატაკიშვილი.