მისი განცხადებით, ეს დღე ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია და ქართული საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოა.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს — ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დღეს, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე ზეიმობს“, — განაცხადა წულაძემ.
მისი თქმით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებზეც თანამედროვე ქართული საზოგადოება დგას.
„ეს არის დღე, რომელიც ყველა ჩვენგანს აერთიანებს და რომელიც უდიდესი მონაპოვარია. საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ის იდეაა, რომელიც მუდმივად იყო ქართული სულისა და სულისკვეთების გამღვივებელი და ეს მუდამ ასე იქნება“, — განაცხადა მან.
ალექსანდრე წულაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მათთვისაც მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს“, — თქვა “ოცნების” მინისტრმა.
მისივე თქმით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოითხოვს მუდმივ ზრუნვას, რაზეც, როგორც აცხადებს, მოქმედი ხელისუფლება მუშაობს.
„თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მუდმივი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს“, — განაცხადა წულაძემ და დასძინა, რომ მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.