ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი 20 ივნისს ბათუმელების ოფისში მზია ამაღლობელისა და თავისუფალი მედიის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმელებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის საქმე არაპროპორციულობით გამოირჩევა. “მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით,”― თქვა მან. ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის საკითხზეც და გამოთქვა იმედი, რომ არსებული კრიზისი მალე დასრულდება. “ჩვენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივანიჭეთ და გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ არსებული ნეგატიური ტრენდი შეიცვლება, საქართველოში მიმდინარე ძალიან ღრმა, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და დიალოგი, საღი აზრი გაიმარჯვებს. საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირის წევრობით მომავალში. საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, თავიანთი შვილებისთვის”, ― აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი: მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო
