“პალეკარტი” მაღაზიას აფართოებს და მცირე საწარმოს ამოქმედებას გეგმავს – ინვესტიცია $200,000

“პალეკარტი” მაღაზიას აფართოებს და მცირე საწარმოს ამოქმედებას გეგმავს – ინვესტიცია $200,000

ქართული მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „პალეკარტი“ ბიზნესის მასშტაბურ გაფართოებაზე მუშაობას განაგრძობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აბო მენაბდემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, კომპანია არსებული სავაჭრო სივრცის გაფართოებაზე მუშაობს, რაც მომხმარებელთა კომფორტსა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„არსებულ მაღაზიას ვაფართოებთ – გაიზრდება სივრცე, რაც მოგვცემს საშუალებას, ინდივიდუალური შეკვეთებისთვის ცალკე ზონა გამოვყოთ. ასევე გაფართოვდება შოურუმი და მთლიანად ახალი ინვენტარით იქნება აღჭურვილი. პროცესი უკვე დაწყებულია და ველოდებით ტექნიკური სამუშაოების დასკვნით ეტაპს. სავარაუდოდ, გაფართოება აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება,“ – აცხადებს მენაბდე.

მისივე თქმით, კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი რეინვესტირდება, მათ შორის კოლექციის განახლებასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში.

პალეკარტი“ პარალელურად მუშაობს საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციაზეც. ამ დროისთვის ინდივიდუალური შეკვეთების შესრულებას დაახლოებით 1-1.5 თვე სჭირდება, თუმცა კომპანიის მიზანია, ეს ვადა 2-3 კვირამდე შემცირდეს.

„ვგეგმავთ საწარმოს თბილისში გადმოტანას – ან გაფართოებულ ფილიალში გამოვყოფთ შესაბამის სივრცეს, ან ფილიალთან ახლოს გავხსნით ცალკე, მცირე საწარმოს. ამისთვის დაგვჭირდება თანამედროვე ტექნიკის ჩამოტანა და სპეციალისტის ჩართულობა, რომელიც აწყობს სრულად აღჭურვილ საწარმოო ხაზს,“ – განმარტავს მენაბდე.

კომპანიის შეფასებით, მაღაზიის გაფართოებისა და საწარმოს ამუშავების საერთო ბიუჯეტი დაახლოებით $200,000-ს შეადგენს.

„პალეკარტი“ ამ ეტაპზე აწარმოებს როგორც მაღალი კლასის, ასევე ბიუჯეტური ხაზის პროდუქციას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით,
ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი იტალიიდან შემოაქვთ, რადგან რეგიონში იმ ხარისხის ქსოვილი, რასაც ბრენდი იყენებს, ხელმისაწვდომი არ არის.

„ვთანამშრომლობთ პარტნიორთან, რომელიც ე.წ. ლაქშერი ხარისხის ქსოვილებს გვაწვდის – ერთი მეტრი ქსოვილი საშუალოდ $100-150 ღირს. ამასთან ერთად, გვაქვს ბიუჯეტური ხაზი, რომელიც არაბრენდული ქსოვილისგან იწარმოება,“ – აღნიშნავს მენაბდე.

„პალეკარტი“ მომავალი განვითარებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს. პირველ ეტაპზე კომპანია აქცენტს ონლაინ გაყიდვების გააქტიურებაზე გააკეთებს, რაც მას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო მომხმარებლამდე დისტანციურად მივიდეს და ბრენდის ცნობადობა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაზარდოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *