პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ
რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე ხელმძღვანელს, პაპ ფრანცისკეს დღეს, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. პაპი აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფრანცისკე იქნება პირველი პაპი საუკუნის განმავლობაში, რომელიც ვატიკანის გარეთ დაიკრძალება და პირველი პაპი, ვინც – სანტა-მარია-მაჯორეში.

პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას 500 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. დამსწრეთა რიგშია 160-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მონაწილეობით. დაკრძალვას ასევე დაესწრებიან ემანუელ მაკრონი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ლიდერები.

პაპის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება. “ოცნების” მიერ არჩეულ პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ამასთან, რომში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ასევე დაესწრება დაკრძალვის ცერემონიალს.

სამი დღის განმავლობაში წმინდა პეტრეს ტაძარში ასეულობით ათასი ადამიანი პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებლად მივიდა.

ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიოს სახელით ცნობილი პაპი ფრანცისკე რომის კათოლიკური ეკლესიის სათავეში 2013 წელს მოვიდა, როცა მისმა წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ პონტიფიკატი საკუთარი ნებით დატოვა. არგენტინელი ფრანცისკე სამხრეთ ამერიკაში დაბადებული პირველი პაპი იყო; მან ეკლესია მკვეთრად შეცვალა და საკუთარი პონტიფიკატის დროს თავმდაბლობის, პატიების და ინკლუზიურობის აუცილებლობაზე საუბრობდა. პაპი ფრანცისკე ღიად საუბრობდა, როგორც კლიმატის ცვლილებაზე, ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენლების და ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *