საკითხი პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მარიამ ლაშხმა წარადგინა. მისი თქმით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და სხვა. ამ კანონის თანახმად, სტანდარტიზებულ შეფუთვას დაექვემდებარა სიგარილა, თუმცა როგორც საკითხის მომხსენებლმა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა, ამ პროდუქციის მწარმოებლებს არ უღირთ საქართველოს ბაზრისთვის განსხვავებული შეფუთვის პროდუქცია გამოუშვან ამიტომ მიზანშეწონილია ამ კატეგორიის ნაწარმზე გამონაკლისი გავრცელდეს. მსგავსი გამონაკლისი სიგარებზე უკვე მოქმედებს.
„იმპორტიორები წააწყდნენ სერიოზულ პრობლემას მწარმოებლებთან, რადგან იმ მინიმალური რაოდენობის პროდუქციის ახალი შეფუთვით ბეჭდვა და დამზადება, რასაც საქართველოს ბაზარი მოიხმარს, მათ ეკონომიკურ ინტერესში არ შედის და ამიტომ უარს აცხადებენ წარმოებაზე. ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის.