ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 77 ხმით მიიღო.
“ოცნების” თანახმად, ცვლილებების მიზანია “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიანი აღსრულება.
“აღნიშნული ცვლილების შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი თავად არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას კომისიას მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად”,- წერია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება.