პერსონალური სანქციების მოწოდება – ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში საქართვე

პერსონალური სანქციების მოწოდება – ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში საქართვე
ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ყურადღება საქართველოში ადამიანების უფლებების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გამახვილდა, რომელიც უარესდება. აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაგრძელების საჭიროება, ასევე გაკეთდა მოწოდებები ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებზე პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით.

ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში 26-28 მაისს იმყოფებოდნენ. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ საქართველოში ვიზიტის შესახებ მოხსენება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა იყო.

საქართველოში ქვეკომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორიმ თქვა, რომ საქართველოში შეხვედრებზე ყველას მხრიდან ხაზგასმა სანქციების მნიშვნელობაზე ხდებოდა, როგორც ზემოქმედების ერთადერთ ინსტრუმენტზე. მან პერსონალური სანქციების შესახებ გააკეთა მოწოდება.

“ჩემი მოწოდება კომისიის, უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ არის, რომ წარუდგინონ საბჭოს სანქციების ნაკრები, პერსონალი სანქციები. უნივერსალური გზავნილი, რომელიც ყველასგან მივიღეთ ის იყო, რომ ეს იმუშავებს, იმ ადამიანების რეაქციების გათვალისწინებით, ვისაც სანქციები დაემუქრათ. მხოლოდ ხსენებამ ზოგიერთი სახელის შესაძლო სამომავლო სანქციების სამიზნედ, დაუყოვნებლივ გამოიწვია გარკვეული რეაქციები”,- თქვა ნაჩო სანჩეს ამორიმ.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ასევე გააჟღერა სანქციების მოწოდება და აღნიშნა, რომ ყოველ კვირას ხდება შესწორებების შეტანა ანგარიშში ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი დგამს.

“პროევროპულ ქართველებთან და ევროკავშირიდან ელჩებთან ლაპარაკის შემდეგ რაც გავიგეთ ისაა, რომ სიტუაცია უარესდება. ჩვენს შეხვედრებზე რამდენჯერმე იყო ნახსენები ლუკაშენკოს რეჟიმი, რადგან მეტად ხდება დაახლოება იმასთან, რაც საბოლოოდ ბელარუსში მივიღეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ, იგივე მიმართულებით ხდება სვლა. ყველა [ვისაც შევხვდით] ამბობდა, რომ საჭიროა სანქციები რეჟიმისთვის”,- თქვა ევროპარლამენტარმა.

მან ისაუბრა დამოუკიდებელი მედიის მიმართ ზეწოლაზე და მზია ამაღლობელზე.

“გვინდოდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში, ვითხოვეთ ნებართვა და ნება არ დაგვრთეს. ეს მამაცი ჟურნალისტი სიმბოლო გახდა დღეს საქართველოში დაკავებულების. მათ ჩვენი სოლიდარობა უნდა გავუგზავნოთ”,- თქვა რასა იუკნევიჩიანემ და დასძინა, რომ ევროპარლამენტის შემდეგ პლენარულ სხდომაზე შესაძლოა მზია ამაღლობელზე საგანგებო რეზოლუცია მიიღონ.

რასა იუკნევიჩიანემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი და სამართლიანი არჩევნებია. მისი თქმით, “უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ”.

შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქართული მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია, ქეთევან კერაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *