“პირველადი ჯანდაცვა არაერთი წელია ელოდება რეფორმას” – ეკატერინე ტიკარაძე

“პირველადი ჯანდაცვა არაერთი წელია ელოდება რეფორმას” – ეკატერინე ტიკარაძე
“ეს არის ნამდვილად მისასალმებელი. პირველადი ჯანდაცვა არაერთი წელია ელოდება რეფორმას“- ასე ეხმაურება ჯანდაცვის ექსმინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე bm.ge-სთან, მისი ყოფილი კოლეგის, მიხეილ სარჯველაძის მიერ პირველადი ჯანდაცვის რგოლში რეფორმის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა სარჯველაძის სამინისტროს რამდენიმეწლიანი გეგმის ნაწილია. დაფინანსების მოდელის ცვლილება, ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდა, ახალი სერვისების დამატება და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება კლინიკებისთვის – ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს. პროგრამა 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, 2026 წლიდან კი ამ პროცესში ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში რეფორმირების პროცესი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სექტორის 120 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, რისი გავლენითაც, მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სექტორს დაახლოებით, 160-მილიონიანი შეღავათი ექნება.

“ეს არის ნამდვილად მისასალმებელი. პირველადი ჯანდაცვა არაერთი წელია ელოდება რეფორმას. ეს რეფორმა კოვიდის პერიოდში იქნა დაწყებული არა როგორც რეფორმის სახით, არამედ შემუშავებული იყო სტრატეგია როგორც ეკონომიკური, ისე ფინანსური კუთხით, რომელიც მუშავდებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესპანეთის ოფისთან ერთად.

მინისტრმა ახსენა, რომ მოხდა ეკონომიკური მაჩვენებლების თავიდან გადათვლა და ანაზღაურების ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავიდან გადათვალეს და ჩათვალეს აბსოლუტურად საჭიროდ და სწორად, რომ დროულად და მყისიერად უნდა მოხდეს პირველად ჯანდაცვაში რეფორმა, ვინაიდან სწორედ ის მაჩვენებლები, რომელიც მან აღნიშნა, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბიუჯეტისთვის და ჯანდაცვის სფეროსთვის.

ის იქნება უფრო ოპტიმალურად გამოყენებული და გაცილებით უკეთესად იქნება გამოყენებული თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ მინისტრს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე bm.ge-სთან ინტერვიუში.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე რეჟიმი, რომელშიც 6 კლინიკა მიიღებს მონაწილეობას, 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე იმუშავებს. 2026 წლის იანვრიდან კი მასში სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან. 2028 წლიდან გათვალისწინებულია პროგრამაში სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *