სახანძრო უსაფრთხოების სისტემებისა და ინვენტარის მწარმოებელი “ელპლუსი” პირველი ქართული კომპანია გახდა, რომლის მიერ წარმოებული სახანძრო კარი აკმაყოფილებს EN 16034 სტანდარტს.
“EN 16034 – სამშენებლო პროდუქტების ევროპული მარეგულირებლის ჰარმონიზებული სტანდარტია, რომელიც ხანძრისა და დაკვამლიანების საკონტროლო პროდუქტებისთვის განისაზღვრება და უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. შესაბამისად, “ელპლუსის” მიერ საქართველოში წარმოებული კარი ევროპის დამოუკიდებელი ავტორიზებული ორგანოს მიერაა სერტიფიცირებული და აკმაყოფილებს ცეცხლმედეგობის მკაცრ ტექნიკურ მოთხოვნებს”, – განუმარტეს BMG-ს კომპანიაში.
როგორც “ელპლუსის” წარმომადგენელი აღნიშნავს, CE მარკირება ადასტურებს, რომ “ელპლუსის” სერტიფიცირებული სახანძრო კარები ხანძრის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და აფერხებს ცეცხლის გავრცელებას 120 წუთის განმავლობაში, რაც შენობიდან უსაფრთხო ევაკუაციას უწყობს ხელს; ამასთან, ევროპული მარკირების მოპოვება ნიშნავს, რომ ზედმიწევნით კონტროლდება კარის ყველა ნიმუში და საწარმოო პროცესი და საქართველოში წარმოებული პროდუქტი აღიარებულია ევროპის მასშტაბით.
“ფაქტი, რომ “ელპლუსი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც სახანძრო კარზე CE მარკირება მოიპოვა, ევროპულ ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა ამისა, ევროპული სერტიფიცირება ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ წარმოებული სახანძრო კარები სრულად თანხვედრაშია საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებთან”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
“ელპლუსი” საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც 2021 წელს ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების პროდუქციის წარმოება დაიწყო. სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარზე კი მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საჯარო სექტორის, ასევე კერძო ინდუსტრიების მხრიდან და, ამ კუთხით, არც სტუმარმასპინძლობაა გამონაკლისი. “ელპლუსი” ისეთ მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობს, როგორიც, მაგალითად, სასტუმრო “აფიშაა”, სადაც სწორედ “ელპლუსის” CE მარკირების მქონე სახანძრო კარებია დამონტაჟებული.