1982 წელს FDA-იმ იუტას უნივერსიტეტს ადამიანისთვის მუდმივი ხელოვნური გულის გადანერგვის უფლება მისცა. იმავე წლის 2 დეკემბერს ექიმმა უილიამ დევრაისმა უხელმძღვანელა პირველ გუნდს, რომლებმაც პაციენტს, 61 წლის დენტისტ ბარნი კლარკს ალუმინისა და პლასტმასისგან შექმნილი ხელოვნური გული – Jarvik7 – გადაუნერგეს.
კლარკი გულის გადანერგვაზე უარს აცხადებდა, თუმცა მას სიცოცხლის რამდენიმე კვირაღა ჰქონდა დარჩენილი, როცა გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ გადანერგვა წარუმატებლად ჩაივლიდა, მიღებული გამოცდილება სხვებს მაინც დაეხმარებოდა. ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც პაციენტმა 112 დღის განმავლობაში, ჟანგბადის კონცენტრატორზე მიერთებულმა გაატარა – აპარატი ხელოვნურ გულს სისხლის მიმოქცევაში ეხმარებოდა. სიცოცხლის განმავლობაში კლარკს საავადმყოფო არ დაუტოვებია და 1983 წლის მარტში ბაქტერიული ინფექციის რთული ფორმით გარდაიცვალა.
მეორე პაციენტმა, რომელსაც Jarvik-7 გადაუნერგეს, 620 დღეს იცოცხლა, მესამემ – 488.
ჯარვიკის ქმნილების ეთიკურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. ბევრს მიაჩნდა, რომ ხელოვნური გული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, სიკვდილისკენ მიმავალ გზას აგრძელებდა. თავად გამომგონებელი კი ამბობდა, რომ მოწყობილობა პაციენტებს დონორის გულის მისაღებად დროის მოგებაში ეხმარებოდა – ერთმა ასეთმა პაციენტმა Jarvik-7-ის წყალობით 11 წელს იცოცხლა, სხვამ კი – 14 წელს.
1990 წლის იანვარში FDA-მ Jarvik-7-ზე გაცემული ნებართვა გააუქმა. მაშინ ჯარვიკი აღიარებდა, რომ მისი რწმენა, თითქოს Jarvik-7 საკმარისად განვითარებული იყო მუდმივი გამოყენებისთვის, დიდი შეცდომა იყო.
მიუხედავად ამისა, ჯარვიკის გამოგონებამ ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება მისცათ, მათ შორის მათაც, ვისაც ერთ კვირაზე მეტი არ ჰქონიათ დარჩენილი.
ჯარვიკის გამოგონებამ საფუძველი დაუდო ხელოვნური გულის პროტოტიპსა და შესაძლებლობას, რომ პაციენტებს, რომლებიც ტრანსპლანტაციისთვის დონორის გამოჩენას ელიან, სიცოცხლე იმ დრომდე შეუნარჩუნდეთ. ჯარვიკის კომპანია Jarvik Heart Inc-მა საქმიანობა გააგრძელა და გულის დამხმარე მოწყობილობები განავითარა, რომლებსაც დღემდე იყენებენ.