პოლიტიკური პროცესები ბიზნესში განსხვავებულ შიშებს და ფიქრებს იწვევს – ლევან ვეფხვაძე

პოლიტიკური პროცესები ბიზნესში განსხვავებულ შიშებს და ფიქრებს იწვევს – ლევან ვეფხვაძე

პოლიტიკური პროცესები ბიზნესში განსხვავებულ შიშებს და ფიქრებს იწვევს – ლევან ვეფხვაძე

„პოლიტიკური პროცესები ბიზნესში განსხვავებულ შიშებს და ფიქრებს იწვევს“ – ასე უპასუხა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რა გავლენას ახდენს შეჩერებული ევროინტეგრაცია, სანქციები და პოლიტიკური კრიზისი მსხვილი და საშუალო ბიზნესის განწყობასა და გეგმებზე.

„ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, [ვიფიქროთ], რომ ეს არ ახდენდეს გავლენას ზოგადად ბიზნესპროცესებზე“, – თქვა მან და იქვე დასძინა, რომ ამის დასტურია BAG-ის ინდექსის პირველი კვარტალის შედეგები.

საქმე ის არის, რომ I კვარტალში, BAG-ის წევრმა კომპანიების ბიზნესის მდგომარეობა და ბიზნესის კლიმატი, პანდემიის შემდეგ, ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს.

„პოლიტიკური პროცესები ბიზნესში განსხვავებულ შიშებს და ფიქრებს იწვევს და ეს განსხვავებული დამოკიდებულება აისახება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც BAG-ში არსებობს; სწორედ ამ განსხვავებული მოსაზრბების გამო, ვთქვით, რომ „მოდი, დავრჩეთ ლობისტურ ორგანიზაციად და ისეთი ტიპის განცხადებებისგან, რომელიც თავისი არსით ვერ გვაერთიანებს ასოციაციაში, თავი შევიკავოთ“. ეს იყო არა ჩემი ან BAG-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არამედ – საერთო გადაწყვეტილება, რომელსაც ის კომპანიებიც ეთანხმებოდნენ, რომლებმაც freebusiness.ge-ის პლატფორმაზე დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამასთან, ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ BAG-ის მეორე კვარტალის ინდექსში, რომელიც სავარაუდოდ, ივნისში გამოქვეყნდება, მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება.

„ზოგადად, ბიზნესის მოლოდინები დაფუძნებულია გარემოზე. პირველ რიგში, ცუდი ის არის, რომ ნეგატიური საერთაშორისო გაშუქება ინვესტორებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის ქვეყანასთან ურთიერთობის მიმართულებით; ყველა ელოდება სიტუაციის დამშვიდებას ანუ ხდება აქტივობების გადადება, თუმცა ეს არ ნიშნავს პროცესის დაკონსერვებას და პროექტების გაჩერებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან ბევრი საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანია, რომელიც ბოლო 3-4 თვეა გამოხატავს ინტერესს საქართველოს მიმართ, უახლოეს პერიოდში აქტივობას განაახლებს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ყველას მიზანი ხომ ისაა, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს, ადამიანები დასაქმდნენ და ჰქონდეთ შესაბამისი ხელფასები. ვფიქრობ, ყველას სურვილია, ქვეყანაში შემოვიდნენ კვალიფიციური ინვესტორები გვყავდეს, რადგან ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ფულის შემოტანა არაა – მთავარია, კვალიფიკაციის და ტექნოლოგიების განვითარება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, BAG-ის მენეჯმენტი და წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა და სადაც „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც იყვნენ ჩასულები.

ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, IT, ტურიზმი – ეს ის ძირითადი სფეროებია, რითაც ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, საინვესტიციო ჯგუფები ინტერესდებოდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *